Belive

მანჩესტერ სიტი Vs. ტოტენჰემი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოტსპურ სთეიდიუმზე" გაიმართა და მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს.

დანაკლისი

დღევანდელ დაპირისპირებაში დანაკლისის მხრივ, "სიტის" მდგომარეობა ბევრად მარტივია. გუნდს ტრავმირებული მხოლოდ მეორე მეკარე, კლაუდიო ბრავო ჰყავს. ფერნანდინიოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით განაცხადშია. რაც შეეხება "ტოტენჰემს", გუნდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. გუნდს ტრავმების გამო ორიე, დაიერი, ლამელა და ლიდერი და კაპიტანი, ჰარი კეინი გამოაკლდა. საეჭვოა დელე ალისა და ვინკსის თამაშიც.

რატომ გავა "მანჩესტერ სიტი"?

მანჩესტერელებს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ. ამის რამდენიმე მიზეზი ასებობს. პირველ რიგში, გუნდი დანაკლისის გარეშე ითამაშებს და თან სტუმრად მხოლოდ მინიმალური სხვაობით აქვს წაგებული. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა კევინ დე ბრუინი, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდი ძალაა. საკუთარი მოედნის ფაქტორიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმ დანაკლისზე, რაც მის მეტოქეს აქვს და ამ ყველაფრიდან გამომდინარე "სიტის" შანსები იზრდება.

რატომ გავა "ტოტენჰემი"?

საკმაოდ რეალურია "ტოტენჰემის" შემდგომ ეტაპზე გასვლაც, თუმცა ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. პირველი თამაში მათ მოიგეს. "ტოტენჰემს" შეუძლია პრაგმატულად ითამაშოს, თუმცა ეს ამ გუნდის სტილი არ არის. მწვრთნელის ფაქტორი - მაურისიო პოჩეტინოს საკმაოდ კარგად შეუძლია თამაშის გადაწყობა და კონტრ-შეტევაზე აქტიურად გადასვლა.

გუნდების მიმდინარე მდგომარეობა

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვის. გუნდი ამ წუთისთვის მეორე ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება "ლივერპულს", თუმცა თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ბოლო 5 თამაშში ყველა მოიგო. გაიტანა 11 ბურთი და გაუშვა მხოლოდ 2. ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში უშანსოდ მოუგო შალკეს. რაც შეეხება "ტოტენჰემს", გუნდი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზეა. 67 ქულა აქვს და შესაძლებელია, რომ  ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გავარდეს. ასე რომ, გუნდს საბრძოლო აქვს. ბოლო 5 თამაშში გუნდმა მხოლოდ 2 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. გაიტანა 9 ბურთი და გაუშვა 5. აღსანიშნავია, რომ 20 აპრილს, პრემიერ ლიგის 35-ე ტურში "სიტი" და "ტოტენჰემი" ერთმანეთს შეხვდებიან. დღევანდელი დაპირისპირება 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები