Belive

მანჩესტერ სიტის აკრძალვები მოეხსნა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს 2020 წლის იანვრის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა გადაწყვეტილება შეცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ "სიტი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომავალი სეზონიდანაც ითამაშებს. UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ. "მანჩესტერ სიტიმ" უეფა-ს გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. 3-დღიანი საარბიტრაჟო მოსმენის შედეგად, გადაწყდა, რომ "სიტის" აკრძალვა აღარ შეეხება, თუმცა გუნდს 10 მილიონი ევროს გადახდა მაინც მოუწევს. "დღეს ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გადავლახეთ," აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ. უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვეტილება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მიიღო.

რატომ მოკვეთა უეფა-მ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან?

UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა, Der Spiegel-მა, 2018 წლის ნოემბერში გაავრცელა. სტატიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასა და ელექტრონული პოსტის ჩანაწერებში “სიტის” დანაშაული იკვეთებოდა. ამ ყველაფრით კი უეფას საგამოძიებო ორგანო დაინტერესდა, რომელმაც მკაცრი ვერდიქტი მიმდინარე წლის თებერვალში გამოიტანა. გამოძიების შედეგად დგინდებოდა, რომ “სიტის” მფლობელი, შეიხი მანსური, გუნდს ავიაკომპანია Etihad-ის საშუალებით ყოველწლიურად 67.5 მილიონი ფუნტით აფინანსებდა, თუმცა დოკუმენტაციაში ჩანდა, რომ Etihad-ი მანჩესტერული გუნდის ბალანსზე მხოლოდ 8 მილიონ ფუნტს რიცხავდა. უეფას ფინანსური სამართლიანი თამაშის (Fair Play) წესების თანახმად, გუნდებმა მფლობელებისგან ფეხბურთელების ხელფასების დასაფარად დიდი თანხები არ უნდა მიიღონ და სანაცვლოდ, საჭირო ფინანსური სახსრები სპონსორებისგან მოიძიონ. უეფა მანჩესტერულ გუნდს სწორედ აღნიშნული წესის დარღვევას ედავებოდა.      

სხვა სტატიები