Belive

მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა ტიპური ფეხბურთელის მითი დაამსხვრია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი - როდრი, ბრიტანული და ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. "ქალაქელთა" ნახევარმცველმა ტიპური ფეხბურთელის მითი დაამსხვრია და კასტელონის უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის კურსდამთავრებული გახდა. როდრი ბიზნესისა და ეკონომიკის კურსით, ჯერ კიდევ "ვილიარეალში" თამაშის დროს დაინტერესდა. ესპანელმა ნახევარმცველმა კასტელონის უნივერსიტეტში ჩააბარა და გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგის კლუბში ასპარეზობის დროს, უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. როდრის საფეხბურთო კარიერამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა - ნახევარმცველმა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ძირითად შემადგენლობებში თავის დამკვიდრება შეძლო, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის მიტოვებაზე უარი განაცხადა და განათლების მიღება კვლავ პრიორიტეტად დაისახა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის პერიოდი, როდრიმ აქტიურად გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, EURO 2020-ის გახსნით შეხვედრაში, შვედეთის წინააღმდეგ გამართული მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნახევარმცველმა ზეპირი გამოცდა ჩააბარა. "მანჩესტერ სიტის" რიგებში, პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, როდრი უნივერსიტეტის დიპლომსაც დაეუფლა.

"დასასრული ახლოსაა. მხოლოდ უკანასკნელი ესეს დაწერა დამრჩა - ერთი პატარა ესე, რის შემდეგაც სწავლას დავასრულებ. რთული სამუშაო იყო, თუმცა დასასრულით კმაყოფილი ვარ", - აღნიშნა როდრიმ.
სწავლის პარალელურად ესპანელმა ფეხბურთელმა ძვირადღირებული ავტომობილის შეძენაზეც უარი განაცხადა. "ვილიარეალში" ასპარეზობისა და კასტელონის უნივერსიტეტში სწავლის დროს, როდრიმ ქალბატონისგან მეორადი ავტომობილი შეიძინა (ოპელ კორსა). მადრიდიდან კასტელონში მგზავრობის გასამარტივებლად და უსაფრთხოებისთვის მეგობრებმა როდრის ახალი ავტომობილის შეძენა ურჩიეს, თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან ზედმეტი თანხის გადახდის აუცილებლობას ვერ ხედავდა.

სხვა სტატიები