Belive

მანჩესტერის დაბრუნება - მითი თუ რეალობა?

5 წლის წინ ფეხბურთი
10 წთ
კაცსა თუ ქალს, დიდსა თუ პატარას, ქვეყნად თითქმის ყველა ადამიანს გააჩნია თავისი იღბლიანი რიცხვი, თარიღი, ქალაქი ან სიმბოლო, ფეხბურთის გულშემატკივრებში კი სიმბოლიზმი და სხვადასხვა დატვირთვები უფრო მძაფრად ჩანს და გამოიხატება. ჩვენთვის, ვინც ფეხბურთით ცხოვრობს თითოეულ რიცხვს თავისი გოლი, გამარჯვება, მარცხი ან მომენტი ახსოვს და ყოველ წელს ეს მოგონება ახლიდან გვაწვება და გვახსენებს იმ დღეს როდესაც ბურთი ბადეში ჩვენ სასიკეთოდ შეგორდა, ან პირიქით. თემა რომელიც დღეს უნდა განვიხილოთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" დაბრუნებას უკავშირდება, ნუთუ მართლა შეძლო ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ოცნებათა თეატრში" სპექტაკლების დადგმა თუ ეს ყველაფერი ინერციაა და მალე დევიდ მოიესის, ლუი ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს "შავი ჭირი" მომღიმარ ნორვეგიელსაც გადაედება. რადგან "იუნაიტედზე" და თარიღებზე ვლაპარაკობთ, გავიხსენოთ დღეები რომლებიც ამ გუნდის გულშემატკივარს ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად ახსოვს. "მანჩესტერ იუნაიტედი" ლანკაშირისა და იორკშირის დამაკავშირებელი რკინიგზის მუშებმა 1878 წელს შექმნეს, მაგრამ პირველი თარიღი, რომელიც ამ გუნდის ხსენებისას გვახსენდება, 1958 წლის 6 თებერვალია, როდესაც "წითელი ეშმაკების" თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და 8 ფეხბურთელი გარდაიცვალა, მას შემდეგ ყოველ წელს, "ოლდ ტრაფორდის" მიმდებარედ არსებულ მემორიალთან იკრიბებიან გულშემატკივრები, ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელები და პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა სულებს. 1968 წლის 29 მაისს, კატასტროფიდან 10 წლის თავზე, "იუნაიტედმა" ჩემპიონთა თასი მოიგო და ეს ისეთი თარიღია კლუბის გულშემატკივრებს ყოველთვის რომ ემახსოვრებათ, ეს ხომ პირველი ევროპული ჯილდოა რომელიც ამ დიდებულმა კლუბმა მოიგო. 1986 წლის 6 ნოემბერი სერ ალექს ფერგიუსონის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის თარიღია - შემდეგ კი.... იწყება ისტორია რომელი ერთი გავიხსენოთ? 1999 წლის ფინალი სადაც გამარჯვების გოლი ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაიტანა, ბექჰემის გახეთქილი წარბი, რონალდუს მოსვლა, 2008 წლის ფინალი, რობენის გოლი, წაგებული ფინალები ბარსელონასთან, "სიტისთან" წაგებული 1:6, რუნის მაკრატელა "სიტისთან" და... და 2013 წლის 8 მაისი, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და "მანჩესტერში" დროც გაიყინა. ვერც დევიდ მოიესმა, ვერც ლუი ვან გაალმა და ვერც ჟოზე მოურინიომ ვერ შეძლეს სერ ალექსის შეცვლა, არადა ფერგისგან განსხვავებით მათ შემადგენლობაში დღევანდელი ფეხბურთის ვარსკვლავები, ანხელ დი მარია, ფალკაო, იბრაჰიმოვიჩი და პოგბა ჰყავდათ, როდესაც შოტლანდიელი ნემანია ვიდიჩის დონის ფეხბურთელებს მოსკოვის "სპარტაკიდან" იხმობდა და ხანდახან თავდასხმაში დანი უელბეკი და ჩიჩარიტო ეყენა. 2018 წლის 19 დეკემბრამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები მხოლოდ წარსულის ტკბობით ირთობდნენ თავს და ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასაც უმეტესობა მათგანი სკეპტიკურად შეხვდა, ზოგს პოჩეტინო უნდოდა, ზოგს ზიდანი, ზოგი იძახდა გამოუცდელ ოლეს ისევ მოურინიო ჯობდაო, თუმცა ოლემ გუნდი მოედანზე გაიყვანა და პირველივე მატჩში 5 გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელად გუნდმა სერ ალექსის დროს შეძლო, სერ ალექსის უკანასკნელ მატჩში, ეს ხომ უბრალოდ დამთხვევა არაა. და ჩვენი დღევანდელი სტატიის მთავარ თემაზე გადავიდეთ, მანჩესტერის დაბრუნება - მითი თუ რეალობა?

მითი

უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნება რომელსაც ოლე გუნარ სოლსკიაერი არ უყვარს და მისი მომღიმარი სახის დანახვისას თვითონაც ღიმილი არ შეეპარება, რა თქმა უნდა "ბაიერნის" ფანებს თუ არ ჩავთვლით. ამიტომაც საზოგადოებრივი განწყობაც და პრესაც ნორვეგიელის მხარესაა და მისი გასაკრიტიკებელი სიტყვები იშვიათად გვესმის, ამიტომაც გვგონია რომ "მანჩესტერმა" ძველი დიდება დაიბრუნა, მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა ყველაფერი წინაა, იქნებ ეს უბრალოდ ინერციაა, რომელიც "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ოლეს პირველი გამარჯვების ("კარდიფთან" 1:5) შემდეგ მიიღეს და პრემიერლიგასა და ინგლისის თასზე იღბლის პატარა შეწევნითა და შედარებით გამოსწორებული თამაშის ხარისხის ხარჯზე წარმატებას მიაღწიეს. იქნებ რეალური სურათი "პსჟსთან" მატჩი იყო, სადაც ოლე გუნარ სოლსკიაერი შეშინდა, მოურინიოსავით დაცვითი სქემა აირჩია, და მოურინიოს "მანჩესტერის" სტილში უშანსოდ დამარცხდა და განმერობით მატჩს თითქმის ფორმალური მხარე შესძინა. იქნებ ოლემ ვერ შეძლო გუნდის მობილიზება და სათანადოდ განწყობა ფრანგების წინააღმდეგ და ამას მოჰყვა პოგბას წითელი, პოლს ხომ ნერვებმა უმტყუნა. თუნდაც "ლივერპულთან" მატჩი გავიხსენოთ, მართალია ნორვეგიელს პირველივე ტაიმში მოუწია იძულებითი ცვლილებების გაკეთება, მაგრამ მან მოსისხლე მტერთანაც დაცვითი ტაქტიკა არჩია და ფრეზე ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ფრეზე თამაშზე თანახმა არასოდეს ყოფილა, მისი სიტყვებით თუ ვიხელმძღვანელებთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ოლე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო "კარდიფიდანაც" კი გააგდეს და რას უკავშირდება მისი ასეთი წარმატება "იუნაიტედში", როგორც ჩანს ეს ყველაფერი მართლა რეალობაა...

რეალობა

პირველ პარაგრაფში, სადაც მითზე ვსაუბრობდით, მაქსიმალურად ვეცადეთ ოლეს სუსტ მხარეებზე გვესაუბრა რაც "იუნაიტედში" გამოაჩინა, თუმცა თითქმის ვერაფერი ვიპოვეთ, ერთადერთი სისუსტე რაც სოლსკიაერის "მანჩესტერს" გააჩნია დაცვის ცენტრი და სხვებთან შედარებით სუსტი შემადგენლობაა, მაგრამ ნორვეგიელი არათუ სუსტ შემადგენლობაზე, ტრავმების ეპიდემიაზეც კი არ წუწუნებს, ზუსტად ისევე როგორც ამას თავის დროზე სერ ალექსი აკეთებდა... "ჩვენ 9 მცველი გვყავს დამტვრეული, მაგრამ დაცვის ცენტრში თამაში კერიკს და ფლეტჩერსაც შეუძლიათ, ასე რომ არ ვდარდობ" - სერ ალექს ფერგიუსონი "ჩვენ პოგბა არ გვყავდა, ამიტომაც ვერ ვითამაშეთ და წავაგეთ" - ჟოზე მოურინიო "მარსიალს, მატას, მატიჩს, რეშფორდს, სანჩესს, ერერას ტრავმები აქვთ, მაგრამ არაუშავს, მთავარია მოედანზე 11 ვიყოთ, თუ რამე ბუცების ჩაცმა კერიკს მოუწევს, ყველაფერი კარგადაა, სანამ მოედანზე ჩემი გამოსვლა გახდება საჭირო" - ოლე გუნარ სოლსკიაერი "კრისტალ პალასთან" 1:3 გამარჯვების წინ ხედავთ მსგავსებას? ოლე გუნარი ცდილობს ზუსტად მიბაძოს თავის ყოფილ მწვრთნელს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო თავკაცს, რომელმაც კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო. "მე ფრეზე არასოდეს ვთამაშობ" - სერ ალექს ფერგიუსონი. "არავითარი ფრე, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ" - ოლე გუნარ სოლსკიაერი რა თქმა უნდა ფრეზე ორივეს უთამაშია, თუმცა აქ მთავარი გასახდელში შექმნილი განწყობაა, სერ ალექს ფერგიუსონიც და აწ უკვე ოლე გუნარ სოლსკიაერიც ცდილობენ ფეხბურთელებში, განსაკუთრებით კი "მანჩესტერის" აკადემიაში აღზრდილებში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოაყალიბონ. რატომ განსაკუთრებით აკადემიაში აღზრდილებში? პასუხი ისევ პარარელშია "ძვირადღირებული ტრანსფერები არ მიყვარს, კარგი აკადემია ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოლფასია, უფრო მეტი თუ არა" - სერ ალექს ფერგიუსონი "დენი უელბეკი, ვერ აკმაყოფილებს "მანჩესტერის" დონეს, სწორედ ამიტომ გავყიდეთ იგი" - ლუი ვან გაალი "მანჩესტერის" აღზრდილი უელბეკის გაყიდვის შემდეგ. "ტრავმებზე არ ვფიქრობ, აკადემიაში უამრავი ფეხბურთელი გვყავს რომელსაც მოედანზე გამოსვლა შეუძლია, ჩონგი, გომისი, გრინვუდი ისინი კარგი ბიჭები არიან, წლებია მათ ვიცნობთ" - ოლე გუნარ სოლსკიაერი დიდხანს რომ არ გაგვიგრძელდეს, სტატია აბსტრაქტული თემით დავასრულოთ, როგორც უკვე ნახეთ საერთოდ არ შევხებივართ სტატისტიკას და იმ მოვლენას რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერის" ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 8 გასვლითი მატჩის მოგება, აბსტრაქტულობაში კი გუნდის სულსა და ფილოსოფიას ვგულისხმობთ... "ეს ამ გუნდის სულში დევს, სხვანაირი მანჩესტერი წარმოუდგენელია" - სერ ალექს ფერგიუსონი "ვესტ ჰემთან" ქამბექის (2:0 პირველი ტაიმი, 2:4 მატჩი) შემდეგ. "სევილიის დონის გუნდებთან აქამდეც წაგვიგია, რა მოხდა" - ჟოზე მოურინიო, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შინ "სევილიასთან" მარცხის შემდეგ "ახლა მხოლოდ პსჟ-ზე ვფიქრობ, საერთოდ არ მიმაჩნია რომ გავარდნილები ვართ, ასეთი მატჩები არაერთხელ მოგვიგია და ბოლო წამამდე ჩვენ ვიბრძოლებთ, ეს ამ გუნდის სულშია." - ოლე გუნარ სოლსკიაერი გუშინდელი მატჩის შემდეგ. აბა გულწრფელად თქვით, რამდენს გახსოვთ 2007 წლის 24 აპრილი, "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი "მილანთან", როდესაც ანგარიში 2:2 იყო და ბოლო წუთზე რუნიმ ერთი შეხებით მეკარის მარჯვენა კუთხეში გადაგზავნა ბურთი და ულამაზესი გოლი გაიტანა? რატომ გაგახსენეთ ეს გოლი? გუშინ, რომელუ ლუკაკუს დაახლოებით იგივე მომენტში მიუვიდა პასი და მანაც ერთი შეხებით, ზუსტად რუნის სტილში, იგივე კუთხეში გამარჯვების გოლი გაიტანა. "საუთჰემპტონის" და "მილანის" შედარება არ შეიძლება, მაგრამ აქ მთავარი ხომ პარალელებია? გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი დაბრუნდა, არავითარი მითი ეს რეალობაა - ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერში" სერ ალექსის განწყობა დააბრუნა!

სხვა სტატიები