Belive

"მანჩესტერს მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება" - ტენ ჰაგი

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პრემიერ ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი იწვნია. "ბრენტფორდისა" და "წითელი ეშმაკების" დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში 4 გოლის გასატანად, "ბრენტფორდს" სულ რაღაც 35 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, "წითელი ეშმაკებისათვის" ეს სეზონის ყველაზე მძიმე სტარტია. უკანასკნელად პრემიერ ლიგის საწყის 2 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" 1921 წელს დამარცხდა. პრემიერ ლიგის ტიტულოვანი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა ამბიციური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ინგლისში პეპ გვარდიოლასა და იურგენ კლოპის ეპოქის დასასრულებად მოვიდა, თუმცა, ჯერჯერობით მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. ახალი მენეჯერის ნდობა კლუბის მმართველ ბორდსა და გულშემატკივრებსაც ჰქონდათ, მაგრამ, საწყის ტურებში განცდილი მარცხის შემდეგ, ტენ ჰაგი კრიტიკის ქარცეცხლშია.

"ბრენტფორდთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ გუნდში რთული ვითარებაა, რომლის გამოსასწორებლად, "მანჩესტერ იუნაიტედს" მაღალი დონის მოთამაშეების შეძენა სჭირდება.
"გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტები უნდა დავნერგოთ, ვიდრე დღესაა. ჩვენ, როგორც გუნდი რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. სრულიად განსხვავებული სტარტის მოლოდინი გვქონდა. ეს არ არის ის, რასაც ველოდით. ახალი ფეხბურთელები გვჭირდება. მაღალი დონის ფეხბურთელები უნდა შევიძინოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მათ დასარწმუნებლად ყველა ღონეს ვიხმართ.  გუნდმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ფანებს დიდ ბოდიშს ვუხდი - მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს გასამხნევებლად, მაგრამ, გულშემატკივრებს იმედი გავუცრუეთ. მოედანზე თითოეულმა ფეხბურთელმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს - გუნდურად და ინდივიდუალურად. სწორედ ეს გვაკლია - ერთადერთი რასაც ფეხბურთელებს ვთხოვ, არის ის, რომ საკუთარი ძალების ირწმუნონ და ნებისმიერ მეტოქესთან გასამართ მატჩს პასუხისმგებლობით მოეკიდონ. მენეჯერი, რა თქმა უნდა, შედეგზეა პასუხისმგებელი. მთავარი პასუხისმგებლობა მე მეკისრება".
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მე-3 ტურში ერიკ ტენ ჰაგსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" ურთულესი გამოცდის ჩაბარება უწევთ. "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები