Belive

მანუელ ნოიერის რეკორდი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მანუელ ნოიერი "მიუნხენის ბაიერნს" 2011 წელს შეუერთდა "შალკედან" და უკვე მე-10 წელია იცავს "რეკორდმაისტერის" ღირსებას. გერმანელ მეკარეს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ვუწოდოთ: განუმეორებელი სეივები, ლიდერის თვისებები, მშვენივრად თამაში ფეხით, მეკარის როლის გაზრდა ფეხბურთში და ახალი სტანდარტების დამკვიდრება. 21 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში "ბაიერნი" "ატლეტიკოს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში 34 წლის ნოიერმა აბსოლუტური საკლუბო რეკორდი დაამყარა, მან მე-200 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა "ბაიერნის" რიგებში. აქამდე რეკორდი "ბაიერნის" ლეგენდარულ მეკარეს ზეპ მაიერს ეკუთვნოდა, მან გერმანული გრანდის შემადგენლობაში 651 შეხვედრიდან 199 შემთხვევაში შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა. მანუელ ნოიერმა კი მაიერის შედეგის გაუმჯობესება 394 შეხვედრაში მოახერხა. "დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია ეს ნიშნული 300 შეხვედრამდე აიყვანოს. ის 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალედ იასპარეზებს, მე მჯერა მისი",- განაცხადა მაიერმა. მაიერმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა როლი აქვს ნოიერს "ბაიერნის" დაცვისთვის: "როცა მცველებმა იციან, რომ მათ ზურგს კარგი მეკარე უმაგრებს, ისინი ავტომატურად უკეთესად თამაშობენ, ნოიერი მსოფლიო დონის მეკარეა, ამიტომ მცველებს არ ეშინიათ, რომ ბურთი მანუელამდე მივა". ნოიერის მიერ მშვენივრად ჩატარებული სეზონის შემდეგ, სადაც "ბაიერნმა" ყველა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, 2019-20 წლების უეფას წლის მოთამაშის ნომინაციაში გერმანელმა მეკარემ მე-3 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები