მარადონა – ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი

“მარადონა მე-20 საუკუნის კარავაჯოა. კარავაჯოს შექმნილ ნახატებში ჩვენ ვხედავთ ბავშვებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ქუჩებიდან და კაცობრიობის პერიფერიებიდან. მის შემოქმედებაში, სიცოცხლე ხელოვნებად იქცევა, ასეთივე რამ ხდება მარადონას შემთხვევაშიც” – ვიტორიო ზგარბი, ხელოვნების კრიტიკოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი.


ცნობილი ნეაპოლური არქიტექტურული პროექტი, სახელწოდებით ‘Le Vele di Scampia,’ შვიდი ბლოკისგან შედგებოდა. მათ შორის, დაუზიანებლად დროს მხოლოდ ერთი მათგანი შემორჩა, რომელიც იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ დასახლებას კვლავ ზემოდან გადმოჰყურებს. ეს არის დანგრევის პირას მისული მონუმენტი, რომელიც ადგილობრივი სოციალური უთანასწორობისა და უსამართლობის ამსახველია.

თუმცა ამ გარემოშიც კი, ნეაპოლის უმდიდრესი ისტორიის დიდებული დანატოვარის პოვნა კვლავ შეიძლება.

Le Vele di Scampia-დან 10 წუთის სავალზე, დიეგო არმანდო მარადონას ისეთ მუზეუმს შეხვდებით, რომელიც ალბათ, მსოფლიოში საუკეთესოა.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს თავშესაფარში,” ამბობს მასიმო ვინიატი და აღებს დიდ, ლურჯ რკინის კარებს, რომელსაც მუზეუმში შევყავართ.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 1

ვიწრო შესასვლელი ფოტოებითა და გაზეთიდან ამოჭრილი სტატიებით სავსეა, ჭერი კი ვიმპელებითაა მორთული.

მარჯვენა მხარეს, კარს შევყავართ ოთახში, რომელიც ფეხბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს გულის პულსაციას აუჩქარებს. ოთახი ისტორიით არის სავსე: ბურთები, რომლებითაც მარადონა თამაშობდა, მისი ლეგენდარული Puma King-ის ბუცები, “ნაპოლის” ორი მაისური, რომელიც იმ სკამებზეა გადაფენილი, რომელზეც ერთ დროს, “სან პაოლოს” სტადიონზე, “ნაპოლის” ფეხბურთელები ისხდნენ.

აქვეა “ბარსელონადან” “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებით, 1984 წელს, მარადონას მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის ქსეროასლი. ვინიატის თქმით, მუზეუმში არსებულ თითოეულ ნივთს მარადონასთან მცირედი შეხება მაინც ჰქონდა.

“აქ თქვენ ნახავთ შესანიშნავ საჩუქრებს, რომლებიც წლების განმავლობაში, მე და ჩემს ოჯახს გადმოგვეცა,” ამბობს იგი.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 2

“გამიმართლა იმაში, რომ მამაჩემი სან პაოლოზე 40 წლის განმავლობაში მუშაობდა, დედაჩემი კი მარადონას სახლში მზარეულად მუშაობდა. ჩვენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად 7 დაუვიწყარი წელი გავატარეთ. ეს იყო 7 ბედნიერი წელიწადი.

მარადონა უნდა აღვიქვავდეთ, როგორც ადამიანს და არა ვარსკვლავს. 10 და-ძმა მყავს და როდესაც მარადონამ ერთად დაგვინახა, თქვა რომ საკუთარი ოჯახი გაახსენდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მარადონა დედაჩემს “ნეაპოლელ დედას” (mamma Napoletana) უწოდებდა. “ნაპოლის” დატოვების შემდეგ, დედაჩემს იგი 20 წლის შემდეგ შეხვდა და ცრემლები ვერ შეიკავა.

მარადონაში ადამიანები ამ თვისებებს ვერ ხედავენ. მას ძალიან დიდი გული აქვს”, ამბობს ვინიატი.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 3

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მის სახელზე ფონდი დავაარსეთ. ფონდების მოსაძიებლად, დიეგომ დიდი შრომა გასწია. ამ ქალაქში, სიღარიბეში ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს. განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვინც საავამდყოფოშია. მამაჩემისა და დიეგოს სახელით, ჩვენ მათთვის რაღაცის გაკეთება შეგვიძლია.

ნეაპოლის მოსახლეობასა და სამხრეთ ამერიკელებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენ ვართ ღარიბები, მაგრამ ძალიან ამაყები, ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ.

სწორედ ამიტომ გრძნობდა დიეგო ნეაპოლში თავს, როგორც საკუთარ სახლში. ის ჩვენი ნაწილი იყო კვლავ ჩვენიანად დარჩება, ღმერთიც რომ გახდეს.”

ნეაპოლი ძალიან რელიგიური ქალაქია, სადაც ქუჩაში სეირნობისას, თავისუფლად შეიძლება გადააწყდეთ მარადონას სურათს, რომელიც ღვთისმშობლის ხატად არის გამოსახული. ნეაპოლში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მარადონას ხატს ეთაყვანებიან.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 4

ლეგენდარული არიგო საკი ამბობს: “მარადონასთან დაპირისპირება, დროსთან დაპირისპირებას წააგავს. იცი, რომ ადრე თუ გვიან, გოლს აუცილებლად გაგიტანს.”

ზბიგნევ ბონეკის თქმით, “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა ერთხელ გადაწყვიტეს, რომ მარადონას შეჩერება მასზე მხოლოდ უხეშად თამაშის შედეგად შეიძლებოდა. “10 წუთის შემდეგ ერთმანეთს გადავხედეთ და ვთქვით, რომ მისი თამაშის ყურება უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო”, იხსნებს იგი.

გარი ლინიკერმა კი აღიარა, რომ 1986 წელს, იმ ლეგენდარული გოლის ხილვისას, მას მარადონასთვის ტაშის დაკვრა მოუნდა.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 5

“ნაპოლის” გულშემატკივარს ჰქონდა ბედნიერება, დიეგოს თამაში წლების განმავლობაში საკუთარი თვალით ენახა. 1984-1991 წლებში, ერთ-ერთ უღარიბეს ქალაქში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი თამაშობდა. მასზე არაერთი სიმღერაა დაწერილი: “დედა, იცი რატომ ძგერს ჩემი გული? მე მარადონა ვნახე და შეყვარებული ვარ.”

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 6

“ნაპოლის” გულშემატკივარი, ანჯელა ლოფრედო ძველ დროს იხსენებს: “ეს ლამაზ სიზმარს ჰგავდა, ჩვენ მსგავსი ბედნიერება აღარასოდეს გვეღირსება. გონსალო იგუაინს მსგავსი შესაძლებლობები და ხასიათი არ ჰქონდა”. ლოფრედოს გრეგორია არმენოს ქუჩაზე საკუთარი მაღაზია აქვს გახსნილი. მის მაღაზიაში იგუაინის პატარა ფიგურა დგას, რომელსაც აწერია: “მოღალატე.” არცაა გასაკვირი – 2016 წელს, “ნაპოლის” ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფორვარდი ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 7

ჩვენთვის, დიეგო ყველაფერია, მასზე საუბარიც კი, ნეაპოლის მაცხოვრებლებს დიდ სიამოვნებას ჰგვრის,” ამბობს ჯოვანი რუსო, რომელიც ბავშვობიდან “ნაპოლის” ქომაგია. “სტადიონზე მის სანახავად დავდიოდით. შეეძლო, გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. ის უნიკალური იყო. ლიონელ მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მე მას ღმერთის შვილად მივიჩნევ, მესი მარადონას გარეშე არ იარსებებდა.”

ლიონელ მესი “სან პაოლოს” სტადიონზე 25 თებერვალს პირველად ითამაშებს: “ნაპოლი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ადგილობრივი მოსახლეობა მატჩზე დასასწრები ბილეთის მაღალ ფასს აპროტესტებს. “რატომ უნდა გადავიხადო 70 ევრო მესის სანახავად, როდესაც მე მარადონას თამაში უკვე ნანახი მაქვს?” – ამბობს ჯოვანი რუსო.

ნეაპოლელებისთვის, მარადონა ფეხბურთზე მაღლა დგას.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 8

ნაპოლის “სტრიტ-არტის” ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ჯორიტი, მარადონას ადამიანურ თვისებზე უსვამს ხაზს: “მას ნაპოლის ქომაგებთან ურთიერთობა ფეხბურთს მიღმაც აკავშირებდა. ის უპირისპირდებოდა მაღალ კლასებს და ამბობდა, რომ ბუენოს აირესის ღარიბ უბნებში გაზრდილს, ნეაპოლის პრობლემების ზუსტად გაგება შეეძლო. ყველამ იცის, რომ “იუვესა” და “ნაპოლის” შორის დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ მოედანზე ბრძოლა არაა: თამაში ასახავს მდიდარი, ბიზნესის მართვაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სამხრეთელი, ღარიბი, მიგრანტი მოსახლეობის დაპირისპირებას.

ყოველთვის, როდესაც სამუშაოდ იტალიის ჩრდილოეთში მივდიოდით, ჩვენ ჩაგვრის ობიექტი ვხდებოდით. და წარმოიდგინეთ, როდესაც მარადონამ “ნაპოლის” “სკუდეტო” მოაგებინა, მან ქალაქს სიამაყის შეგრძნება დაუბრუნა. ამიტომაც, ის არის ადამიანი და არა ფეხბურთელი.

მესისა და მარადონას საფეხბურთო მონაცემებს არ შევადარებ, ეს ექსპერტების საქმეა. თუმცა კულტურული ნიშით, მესის მარადონას დონემდე ბევრი უკლია. ამით მესის კი არ ვაკრიტიკებ – ის საოცარი ფეხბურთელია, თუმცა მარადონას მეტი მნიშვნელობა გააჩნია. მესი წარმოადგენს “ბარსელონას,” როგორც გუნდს. მარადონა კი “ნაპოლის,” ნეაპოლისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელია,” მიიჩნევს ჯორიტი.

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 9

დიეგო მარადონამ გუნდი 29 წლის წინ დატოვა, მაგრამ რეალურად, ის არსად არ წასულა. მისი არსებობა მთელს ქალაქში იგრძნობა და მისი პოვნა ყველგან შეიძლება. ჯორიტის, ვინიატისა და მათი მსგავსი ადამიანების წყალობით, მარადონა კულტურისა და ხელოვნების ნაწილად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ნეაპოლი იარსებებს, მარადონაც ყოველთვის იქ იქნება.

და აქვე, გავიხსენოთ სიტყვები, რომლითაც ეს სტატია დაიწყო: “მარადონა მე-20 საუკუნის კარავაჯოა. კარავაჯოს შექმნილ ნახატებში ჩვენ ვხედავთ ბავშვებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ქუჩებიდან და კაცობრიობის პერიფერიებიდან. მის ხელოვნებაში, სიცოცხლე ხელოვნებად იქცევა, ასეთივე რამ ხდება მარადონას შემთხვევაშიც.”

მარადონა - ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი 10

(922)

მარადონა – ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი

სტატიის ავტორი
-