Belive

უცნობი ისტორია: ფორმის პიკზე მყოფმა მარადონამ, საქველმოქმედო მატჩში, ნეაპოლის უღარიბეს გარეუბანში ითამაშა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
1984 წელს, აწგარდაცვლილმა და იმ დროს ფორმის პიკზე მყოფმა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ, ნეაპოლის უღარიბეს გარეუბანში გამართულ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა. მარადონამ პატარა ბავშვისთვის ითამაშა, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროებოდა. მარადონა "ნაპოლიში" ახალი გადასული იყო: სტადიონზე მას 75,000 გულშემატკივარი დახვდა. ქალაქმა, რომელშიც სიღარიბე ჩვეული ამბავი იყო, თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა: გუნდში უდიდესი ფეხბურთელი მოვიდა, რომელიც ქალაქისთვის საკულტო პერსონად იქცა. თუმცა, მარადონას იმავე წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა. როგორც ცნობილია, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მარადონას უღარიბეს, კრიმინალებით სავსე გარეუბანში თამაშის ნება არ დართო, თუმცა მარადონამ თავისი გაიტანა. დაუდასტურებელი ინფორმაციაა, თუმცა იტალიაში ამბობენ, რომ მარადონამ კლუბს შესთავაზა, საქველმოქმედო მატჩში თამაშის სანაცვლოდ, დაზღვევის ფული თავად გადაეხადა. საბოლოოდ, 23 წლის, ფორმის პიკზე მყოფი დიეგო ჯერ ეზოში, ავტომობილების გვერდით გახურდა, შემდეგ კი მტვრიან, ტალახიან ეზოში ითამაშა. სწორედ ასეთი იყო დიეგო - საფეხბურთო ჯადოქრობების გარდა, მან ნეაპოლელებს თავი უშუალობით შეაყვარა და მათ სიამაყის გრძნობა დაუბრუნა. ის უპირისპირდებოდა მაღალ კლასებს და ამბობდა, რომ ბუენოს აირესის ღარიბ უბნებში გაზრდილს, ნეაპოლის პრობლემების ზუსტად გაგება შეეძლო.
"ნეაპოლის მოსახლეობასა და სამხრეთ ამერიკელებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენ ვართ ღარიბები, მაგრამ ძალიან ამაყები, ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ. სწორედ ამიტომ გრძნობდა დიეგო ნეაპოლში თავს, როგორც საკუთარ სახლში. ის ჩვენი ნაწილი იყო კვლავ ჩვენიანად დარჩება, ღმერთიც რომ გახდეს", - ასე საუბრობს მარადონაზე ნაპოლის ერთ-ერთი გულშემატკივარი.

იხილეთ საქველმოქმედო მატჩის ამსახველი კადრები

სხვა სტატიები