Marca | მამარდაშვილი, ვალენსიას გმირი, უტიტულოდ დარჩა
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს სუპერმატჩი ჰქონდა. Sofascore-მა ქართველ მეკარეს ვალენსიას რიგებში ყველაზე მაღალი 7.7 შეფასება დაუწერა, რაც ტიბო კურტუაზე (7.5) უკეთესი მაჩვენებელიც გახლდათ.
მამარდაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობა ესპანურმა Marca-მაც გამოარჩია. გამოცემა წერს, რომ ქართველმა მეკარემ გუნდი თამაშში რამდენჯერმე დატოვა, თუმცა 11-მეტრიან სერიაში მადრიდელები უკეთესები აღმოჩნდნენ.
"მამარდაშვილი მატჩის ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტი გახლდათ (ძველ ბერძნულ ტრაგედიაში: მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი), რომელმაც აჩვენა, თუ რატომ გაიზარდა მისი სატრანსფერო ღირებულება გასულ თვეში.
95-ე წუთზე, მისი დამსახურებით, ერთი-ერთზე გასულმა ვინისიუსმა გოლის გატანა ვერ შეძლო და მატჩმა დამატებით დროში გადაინაცვლა. მატჩის დასკვნით ნაწილში კი, მამარდაშვილი ნამდვილ გიგანტად მოგვევლინა", - ვკითხულობთ სტატიაში.
ასეთივე შთამბეჭდავი მამარდა 11-მეტრიან სერიაში აღარ ყოფილა, სადაც მადრიდულმა გრანდმა დამაჯერებლად იმარჯვა და ფინალში გადაინაცვლა. შეხვედრა 15 იანვარს გაიმართება, "რეალის" ვიზავის ვინაობა კი დღეს, "ბეტისსა" და "ბარსელონას" შორის შეხვედრაში გაირკვევა.
"მამარდაშვილმა 4-5 შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა, თუმცა არ გაგვიმართლა. ეს არის ფეხბურთი. ვამაყობ ჩემი გუნდით, ჩვენი მენტალობა კარგად ვაჩვენეთ", - თქვა მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ.
მამარდაშვილი "ვალენსიას" რიგებს 2021 წლის ივლისში, იჯარის წესით შეუერთდა, ნახევარ წელიწადში კი მის სანაცვლოდ ესპანურმა კლუბმა "დინამო თბილისს" €850,000 გადაუხადა. დღეს მისი სატრანსფერო ფასი €25 მილიონს შეადგენს.