Belive

მარკ ჰიუზი: "სულშერს დრო სჭირდება - მანჩესტერ იუნაიტედი ახლა მისი გუნდია"

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ მარკ ჰიუზმა ინგლისის ასოციაციის თასზე "წითელ ეშმაკებსა" და "ლივერპულს" შორის გასამართ შეხვედრაზე და ოლე გუნარ სულშერის მიერ "იუნაიტედში" კარგად შესრულებულ სამუშაოზე ისაუბრა. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები 24 იანვარს ინგლისის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. კლოპის გუნდი არც ისე კარგ ფორმაში იმყოფება: ინგლისის ჩემპიონატში "ლივერპულმა" ბოლო 5 შეხვედრაში ვერც ერთხელ ვერ იმარჯვა. რაც შეეხება "იუნაიტედს", გუნდი კარგ ფორმაშია და უკვე 13 შეხვედრაა, რაც პრემიერ ლიგაში არ მარცხდება. მარკ ჰიუზი თვლის, რომ "იუნაიტედი" ახლა უკვე სულშერის გუნდია. ჰიუზის აზრით, ნორვეგიელმა სპეციალისტმა კარგად იმუშავა, მან დიდ ზეწოლას გაუძლო, როგორც "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, შედეგის მისაღწევად დიდი მოთმინება გამოავლინა და ახლა ეს მოთმინება უფასდება. talkSPORT-თან ინტერვიუში ჰიუზმა აღნიშნა:
  " ოლემ მშვენივრად იმუშავა. მიმდინარე სეზონში ის დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ მართებული იქნება, თუ ადამიანებს საკუთარი საქმის გასაკეთებლად და კვალის დასატოვებლად დრო მიეცემათ". " ახლა ის იმ მომენტს მიუახლოვდა, როცა "იუნაიტედი" უკვე მთლიანად მისი გუნდია, ის ახლოსაა ისეთი გუნდის ჩამოყალიბებასთან, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი" უნდა იყოს". "როგორც ჩანს, მან შეძლო გუნდის მენტალიტეტის შეცვლა, ახლა გუნდი ბევრად ერთიანი და კარგად შეთამაშებულია, ვიდრე ეს ადრე იყო. გუნდი თავდაჯერებულია და თუ რაიმე პრობლემები იყო მატჩებში, მათ ამისი გამოსწორება მალევე შეძლეს. საკუთარი ძალის რწმენა და თავდაჯერებულობა დიდი გუნდებისთვისაა დამახასიათებელი".
  ჰიუზის განცხადებით კვირას გასამართ შეხვედრაში სწორედ "იუნაიტედი" იქნება ფავორიტი.
"როდესაც თავდაჯერებულობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ "ლივერპულში" ზოგიერთი ელემენტი გამართულად ვერ მუშაობს".  "კონკრეტულად კი შემტევი ტრიო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საოცარ ფეხბურთს გვთავაზობდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ასევე გამართულად ვერ მუშაობს "ლივერპულის" დაცვა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს". "მთლიანობაში, მოცემულ მომენტში კლოპის "ლივერპული" კარგ ფორმაში არ იმყოფება, რაც შედეგებზეც აისახა". "მათ უბრალოდ თავდაჯერებულობა უნდა დაიბრუნონ, მაგრამ "ლივერპულის" პრობლემა ისაა, რომ კვირას მათ "იუნაიტედთან" უწევთ დაპირისპირება, გუნდთან, რომელიც, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება, "ლივერპული" კი პირიქით - თითქოს გუნდმა რწმენა დაკარგა".
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" და "იუნაიტედმა" 19-19 შეხვედრა გამართეს, სულშერის გუნდი სატურნირო ცხრილში 40 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო კლოპის ლივერპული 34 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.    

სხვა სტატიები