Belive

მარკ ოვერმარსი თანამშრომელ ქალებთან შეურაცხმყოფელი მიმოწერისთვის გაათავისუფლეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
  • მარკ ოვერმარსი "აიაქსის" ქალ თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს სისტემატურად უგზავნიდა
  • "ვერ გავაანალიზე, რომ ამით ზღვარს ვკვეთდი"
ამსტერდამის "აიაქსის" სპორტული დირექტორი - მარკ ოვერმარსი, თანამშრომელ ქალებთან შეურაცხმყოფელი მიმოწერისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ნიდერლანდების ჩემპიონის აწ უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა საჯარო ბოდიში მოიხადა და კოლეგებისათვის შექმნილი დისკომფორტისთვის სინანული გამოხატა.
"სამწუხაროდ, ვერ გავაანალიზე, რომ ამით ზღვარს ვკვეთდი - უკანასკნელ დღეებში ყველაფერი ნათელი გახდა. უეცრად წარმოუდგენლად დიდ წნეხში აღმოვჩნდი. ბოდიშს ვიხდი - აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი ჩავიდინე და უპატიებელი შეცდომა დავუშვი. ახლა მეც ვხედავ, რომ არასწორად მოვიქეცი, მაგრამ სინანული გვიანია. "აიაქსის" დატოვების გარდა, სხვა გზას ვერ ვხედავ".
"აიაქსის" ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოვერმარსის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. "აიაქსის" სადამკვირვებლო ბორდის ხელმძღვანელი ლენ მეიარდი აღნიშნავს, რომ ოვერმარსი რამდენიმე ქალ თანამშრომელს სისტემატურად უგზავნიდა შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს.
"ყველასათვის საშინლად მტკივნეულია - ეს არის გამანადგურებელი ქმედება, ქალებისთვის, რომელთაც ამ საქციელთან გამკლავება მოუხდათ. როდესაც ამ საშინელების შესახებ შევიტყვეთ, დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ. აღმასრულებელ დირექტორ - ედვინ ვან დერ სართან და ექსპერტთან ერთად, გარემოებები გულდასმით შევისწავლეთ და მყისიერი გადაწყვეტილება მივიღეთ", - აღნიშნა მეიარდმა.
შეგახსენებთ, 48-წლის ოვერმარსი "აიაქსის" სპორტული დირექტორის თანამდებობას მრავალი წლის მანძილზე იკავებდა. ამსტერდამული კლუბის მმართველ თანამდებობაზე, ოვერმარსი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის ედვინ ვან დერ სარის რეკომენდაციით მოხვდა.

სხვა სტატიები