Belive

მარსელო: დაუჯერებელი ისტორია, ანუ როგორ გადავედი რეალში სათამაშოდ

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2007 წელს, მადრიდის "რეალმა" ზამთრის სატრანსფერო სეზონზე 3 ახალგაზრდა ტალანტი შეიძინა: ფერნანდო გაგო, გონსალო იგუანი და მარსელო. მაშინ გუნდს ფაბიო კაპელო წვრთნიდა და იტალიელმა ასეთი რამ თქვა: დრო აჩვენებს, ეს ტრანსფერები რისთვის გავაკეთეთო. იმ პერიოდში, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ 18 წლის ტანმორჩილი ბრაზილიელი რობერტო კარლოსის ღირსეული შემცვლელი გახდებოდა და წლების შემდეგ, გულშემატკივარი მას თვალცრემლიანი დაემშვიდობებოდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ, მადრიდის "რეალის" კაპიტანმა გუნდი ოფიციალურად დატოვა. აქვე გავიხსენოთ მარსელოს გულწრფელი და ემოციური წერილი, სადაც იგი მადრიდის "რეალში" ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს -  ბრაზილიელი ფეხბურთელის თანახმად, ეს იყო პერიოდი, როდესაც მას თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა.
როდესაც 18 წლის გავხდი, ჩემი შეძენით ევროპული გუნდები დაინტერესდნენ. გავიგე რომ ჩემი გადაბირება მოსკოვის ცსკა-ს და სევილიას სურდათ. იმ პერიოდში, სევილიას შესანიშნავი გუნდი ჰყავდა, სადაც არაერთი ბრაზილიელი თამაშობდა. ჩემთვის ვიფიქრე: "სევილიაში კარიერის გაგრძელება ძალიან მაგარი იქნება." ერთ დღესაც, აგენტმა დამირეკა და მკითხა: "მადრიდის რეალში თამაში გინდა?" ზუსტად ასე მკითხა. ვუპასუხე: "რა თქმა უნდა, ძალიან მინდა." მან მიპასუხა: "მაშინ მადრიდის რეალში გადადიხარ, დაიმახსოვრე." რამდენიმე კვირის შემდეგ, პორტო ალეგრეში ვიყავით სათამაშოდ ჩასულები. მადრიდიდან ჩემს შესახვედრად ვიღაც გამოაგზავნეს. ის სასტუმროს შესასვლელში შემხვდა, თუმცა ვერ იფიქრებდით, რომ ის "რეალს" წარმოადგენდა: მას არც ბეიჯი ეკეთა და არც სავიზიტო ბარათი მოუცია. უცნაური კითხვები დამისვა: - გყავს თუ არა მეგობარი გოგო? - ჰმმ, კი. - ვისთან ერთად ცხოვრობ? - ბებიასთან ერთად.
ჩემთვის ვფიქრობდი: "მართლა მადრიდის რეალიდან არის? იქნებ სადღაც ციმბირში მაგზავნიან?" ორი დღის შემდეგ, დამირეკეს და მითხრეს, რომ მადრიდში სამედიცინო შემოწმებაზე მელოდებოდნენ. ჯერ კიდევ არ მჯეროდა. კარგად მინდა გამიგოთ - 16 წლამდე, ჩემპიონთა ლიგის შესახებ არაფერი ვიცოდი. მხოლოდ ის მახსენდება, რომ ვიღაც ბიჭები ჩემპიონთა ლიგის ფინალს უყურებდნენ, სადაც ერთმანეთს "პორტო" და "მონაკო" ეთამაშებოდნენ. მაშინ გავიგე, რომ ასეთი ტურნირი არსებობდა. ბრაზილიაში ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ფასიან არხებზე უჩვენებდნენ. ადამიანების უმრავლესობას ფასიან არხებზე წვდომა არ ჰქონდა. დავუბრუნდეთ იმ მომენტს, როდესაც თვითმფრინავით მადრიდში სამედიცინო შემოწმებაზე მივფრინავდი. 18 წლის ვიყავი. ღმერთს ვფიცავ, მეგონა, მხოლოდ გამესაუბრებოდნენ. თუმცა მადრიდში ჩასვლისას, მაგიდაზე კონტრაქტი დამხვდა. ხელი წამებში მოვაწერე. ოფიციალურად ჩაცმულმა ადამიანებმა მოედანზე გამიყვანეს და მედიას ჩემი თავი წარუდგინეს. ჩემი ოჯახის წევრების თქმით, თვალებს ვერ დაუჯერეს, როდესაც Globo Esporte-ში ჩემი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია წაიკითხეს.
ჩემი კუმირი რობერტო კარლოსი იყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ვითამაშებდი იგივე გუნდში, იმავე პოზიციაზე, სადაც ადამიანი, რომელსაც ღმერთად ვთვლიდი. გადახდელში რობინიო, სისინიო, ჟულიო ბაპტიშტა, ემერსონი, რონალდო და რობერტო კარლოსი დამხვდნენ. მათ გარდა, რა თქმა უნდა კასილასი, რაული, ბექჰემი და კანავაროც იქ იყვნენ. მათ ჩემი ცოცხლად შეჭმა შეეძლოთ, მაგრამ ახლა გეტყვით, თუ რითია მადრიდის "რეალი" გამორჩეული. პირველივე დღეს, რობერტო კარლოსი ჩემთან მოვიდა და მითხრა: "ჩაიწერე ჩემი მობილურის ნომერი და თუ დაგჭირდები, ნებისმიერ საქმეზე დამირეკე."
შობაზე კარლოსმა სახლში დამპატიჟა. ბევრი ამას არ გააკეთებდა. ის ჩემი კუმირი და ახლა უკვე, კონკურენტი იყო. თუმცა მას საკუთარი თავის სჯეროდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. კარლოსი ფლანგზე მხეცივით დარბოდა. შეტევაში წასვლა მასსავით მიყვარს, მაგრამ როდესაც მცველი წინ მიდის, ამ დროს დაცვაში რა ხდება? შეტევაში წასვლის თავისუფლებას გუნდი გაძლევს. ფაბიო კანავარო ჩემთან მოვიდა და მითხრა: "წადი წინ, მარსელო. მე აქ ვარ. მოედანზე თავისუფლად იმოქმედე." დღეს ჩემთვის კანავაროს როლს კაზემირო ასრულებს. კაზემირო ჩემი მფარველი ანგელოზია. შემიძლია 45 წლამდე ვითამაშო, თუკი კაზემირო ჩემს გვერდით იქნება.
"რეალში" თამაშისას მალევე ხვდები, თუ რამდენად მაღალ სტანდარტს ითხოვენ შენგან. პირველი სეზონის ბოლოს, გუნდის მენეჯერმა დამიბარა და მითხრა, რომ "რეალს" ჩემი განათხოვრება სურდა. მან მითხრა, რომ გამოცდილების მიღება მჭირდებოდა. ჩემთვის ვიფიქრე: "ახლა თუ წავალ, შეიძლება ვეღარ დავბრუნდე." მას სურდა, რომ ხელი რაღაცაზე მომეწერა: "თუკი ხელს არ მოვაწერ, წასვლა არ მომიწევს, ასეა?" მან მიპასუხა: "კი, ასეა. თუკი მწვრთნელი შენს დატოვებას მოისურვებს, გუნდში დარჩები. თუმცა ვფიქრობ, რომ გამოცდილების მიღება გჭირდება." ვუპასუხე: "გამოცდილებას აუცილებლად მივიღებ, ეს მე მომანდეთ." მადლობა გადავუხადე და ოთახი დავტოვე. იმ ზაფხულში, გუნდი რობერტო კარლოსმა დატოვა. მას მერე, მეტი სათამაშო დრო მომეცა. გახსოვთ რომ მოგიყევით, უცხო ბიჭები ჩემპიონთა ლიგის ფინალში პორტოს გამარჯვებას რომ უყურებდნენ? 10 წლის შემდეგ, მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მე ხელში ზუსტად იგივე თასი მეჭირა. "ლა დესიმა" - მე-10 ევროპული თასი მადრიდის რეალის ისტორიაში.

სხვა სტატიები