Belive

მაურო იკარდი: "პსჟ-ში ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში დიდი პატივია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
27 წლის არგენტინელი ფორვარდი ფრანგულ კლუბს 2019-20 წლების სეზონში შეუერთდა მილანის "ინტერიდან". საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში იკარდიმ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. არგენტინელი შემტევის განცხადებით, მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მთავარი სამიზნე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება იქნება. პარიზელები წინა სეზონში ახლოს იყვნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებასთან, თუმცა ფინალში მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდნენ ანგარიშით 0:1. იკარდი თავისი ამჟამინდელი გუნდით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ისეთ შემტევებთან ერთად თამაში, როგორებიც მბაპე და ნეიმარი არიან, მისთვის დიდი პატივია. პსჟ-ს საოცარი შემტევი შემადგენლობის ნებისმიერ წამყვან კლუბს შეშურდება. ტომას ტუხელის განკარგულებაში არიან: იკარდი, ნეიმარი, მბაპე, დი მარია, მოიზე კინი. 27 წლის შემტევი აღფრთოვანებით საუბრობს ორ თანაგუნდელზე.
"ჩემთვის დიდი პატივია ასეთი დონის პროფესიონალებთან ერთად თამაში, კილიანი და ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში შედიან, ისინი ამას ყოველ შეხვედრაში ამტკიცებენ".
არგენტინელი ზოგადად პარიზული კლუბის შემადგენლობითაა აღფრთოვანებული.
"დიდი ხანია, რაც ფეხბურთით ვარ დაკავებული, თუმცა ასეთი კარგად დაკომპლექტებული გუნდი არასდროს მინახავს".
იკარდიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პსჟ-ს მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.
"მთავარი, რაც კლუბს სურს, ეს არის კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რომელიც ჩვენს პირველ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ყველა ასე ვფიქრობთ და ყველა ამას ველოდებით".
ფრანგული კლუბი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგის" წინააღმდეგ ჩაატარებს.  

სხვა სტატიები