Belive

მბაპე ნეიმარის გარეშე უკეთესია? - მსგავსი სისულელეები უნდა შევწყვიტოთ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარი 10 თებერვალს "კაენთან" მატჩში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება. ნეიმარის არყოფნაში ლიდერის ფუნქციები მთლიანად საკუთარ თავზე აიღო კილინ მბაპემ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში "კამპ ნოუზე" კარიერაში ერთ-ერთი გამოურჩეული მატჩი ჩაატარა, ბრწყინვალედ ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ნეიმარის არყოფნაში მბაპე შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან შედეგიან თამაშს აჩვენებს. გაისმა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მბაპეს ბრაზილიელი თანაგუნდელის გარეშე მეტი თავისუფლება აქვს და გაცილებით ეფექტურია, და რომ ნეიმარი მას ზღუდავს. თუმცა, რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს "პსჟ"-ის კაპიტანს მარკინიოსს. კითხვაზე, არის თუ არა მბაპე ნეიმარის გარეშე უკეთესი, ბრაზილიელმა მცველმა განაცხადა:
"არა, ამ მოსაზრებას ჩვენ სერიოზულად ვერ განვიხილავთ, ვხედავ, როგორ საუბრობს ამის შესახებ ხალხი, მაგრამ მსგავსი სისულელეები უნდა შეწყდეს". "ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ საუკეთესო მოთამაშეები გვყავდეს. თუ იმავე შეკითხვას კილიანს დაუსვამთ, დარწმუნებული ვარ ის გიპასუხებთ, რომ ურჩევნია გვერდით ნეიმარი ჰყავდეს". " "ბარსელონასთან" მბაპემ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლი სხვა მოთამაშეებმაც შეასრულეს". "როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური მხარეებიც სწორედ მაშინ ვლინდება საუკეთესო კუთხით. "ბარსელონასთან" მატჩმა მბაპეს თავდაჯერებულობა შემატა. "კამპ ნოუზე" სამი გოლის გატანა მისთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო". " "ბარსასთან" მატჩის შემდეგ ყველასათვის ნათელი გახდა, თუ რა შეუძლია მბაპეს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ის მოედანზე ნამდვილი ლიდერია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს და თვისებებს კარგად ავლენს".
ცოტა ხნის წინ "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესით კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-ის ათიანმა ვარჯიში განაახლა, ჯერჯერობით დანამდვილებით ვერ ვიტყვით, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩში მონაწილეობას.

სხვა სტატიები