Belive

მძიმე მატჩი და ფრე თბილისში - საქართველოს ნაკრებმა სექტემბერი 4 ქულით დაასრულა 

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებისთვის სექტემბრის თვე წაუგებლად დასრულდა. ეროვნულმა გუნდმა ჯამში 4 ქულის აღება მოახერხა. ერთა ლიგის C დივიზიონში, "ჯვაროსნებმა", ტალინში, ესტონეთის ნაკრების დამარცხების (1:0) შემდეგ, 2020 წლის პირველი საშინაო დაპირისპირება ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრედ - 1:1 დაასრულეს. გუნდებმა მატჩის საწყისი წუთები მძიმედ დაიწყეს, რადგან თბილისში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა და თავდაპირველად ფეხბურთელებს ბურთთან ადაპტაცია გაუჭირდათ. პირველი ათწუთეული ბურთს უმეტესად სტუმრები აკონტროლებდნენ, თუმცა კონტრიერიშებზე ქართველი ფლანგელები მეტოქეს მოსვენებას არ აძლევდნენ. ისვეე, როგორც წინა შეხვედრაში დღესაც განსაკუთრებით აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ფლანგურ გარღვევას მეტოქის მიერ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა და პენალტი მოჰყვა. შანსი 11-მეტრიანი ნიშნულიდან თორნიკე ოქრიაშვილმა არ გაანიავა - საქართველოს ნაკრების ათიანმა საიუბილეო, მეათე გოლი გაიტანა და ჯაბა კანკავასა და ვაკო ყაზაიშვილს გაუთანაბრდა. გამოსარჩევია ნიკოლოზ მალიც, რომელიც 21 წლის ასაკში ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა, თანაც მისთვის უჩვეულო, მარცხენა ფლანგზე იდგა, მაგრამ დაცვაში საკუთარ ფუნქციებს თავს კარგად ართმევდა, თუმცა 33-ე წუთზე, ღელვამ და დაძაბულობამ თავისი გაიტანა და მალის არასწორმა ქმედებამ მაკედონიელებს კონტრშეტევა აჩუქა, ბურთი მათ მთავარ ვარსკვლავს, გორან პანდევს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი გადაცემით თანაგუნდელი ჩვენს საჯარიმოში, გიორგი ლორიას პირისპირ დატოვა - რისტოვსკის ზუსტად დარტყმა აღარ გასჭირვებია - 1:1. გატანილი გოლის შემდეგ, მაკედონიელები გააქტიურდნენ, მათ ბურთის დაჭერა და კომბინაციური იერიშების დაწყება სცადეს. რამდენიმეწუთიან მონაკვეთში მეტოქემ ჩვენს საჯარიმოს ალყა შემოარტყა და ქართველი ფეხბურთელები ბურთის დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. "ჯვარონსებს" მსაჯის სატვენმა დროულად მოუსწრო. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ბურთის ფლობაში მოუმატა და თამაში მატჩის მოგებაზე დაიწყო. ჩვენებს ხელს ისიც უწყობდა, რომ 64-ე წუთიდან მეტოქე რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა - ჯაბა კანკავასთან უხეში ორთაბრძოლის გამო, მსაჯმა მოედნიდან მუსილუ გააძევა. ვლადიმირ ვაისმა შეტევა გიორგი ჩაკვეტაძის და ლევან შენგელიას შემოყვანით გააძლიერა, მოედანი ნიკოლოზ მალიმ დატოვა. მალე მოედანს კიდევ ერთი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა დაემატა და ამით ეროვნული გუნდის შეტევა მაქსიმალურად გაძლიერდა, თუმცა არაერთ მცდელობას და საჯარიმოში ჩაწოდებას შედეგი არ მოჰყოლია. შეხვედრის ყველაზე რეალური შანსი მატჩის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ლევან შენგელიას მიეცა, თუმცა მისი ნახტომში, ეფექტურად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ამ ფრის შემდეგ, საქართველოს 4 ქულა აქვს და ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ლიდერია. შემდეგი მატჩი ვლადიმირ ვაისის შეგირდებს 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", ამჯერად უკვე D დივიზიონის პლეი-ოფში, უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში, ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ელის. საქართველო: გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ნიკოლოზ მალი (ლევან შენგელია, 75) - ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ნიკა კაჭარავა, 86) - თორნიკე ოქრიაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია - გიორგი ქვილითაია (გიორგი ჩაკვეტაძე, 62). მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი). ჩრდ. მაკედონია: დამიან სისკოვსკი - შტეფან რისტოვსკი, დარკო ველკოვსკი, ვისარ მულისო, ეგჟიან ალიოსკი - შტეფან სპიროვსკი, არიან ადემი (ბობან ნიკოლოვი, 59), ალექსანდარ ტრაიკოვსკი (ილია ნესტოროვსკი, 59), ენის ბარდი, ელიფ ელმასი - გორან პანდევი (ეგზონ ბეითულაი, 79). მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი (ჩრდ.მაკედონია). გოლი: 1:0 თორნიკე ოქრიაშვილი (13), 1:1 შტეფან რისტოვსკი (33). გაფრთხილება: ენის ბარდი (22), გიორგი ქვილითაია (22), ნიკა კვეკვესკირი (65), ნიკოლოზ მალი (74), ვისარ მუსილიო (58, 64), ბობან ნიკოლოვი (65).

სხვა სტატიები