Belive

მენეჯერი: "კლუბის დირექტორს შევხვდები - კარგი იქნება თუ ბუდუს მთავარ გუნდში დააბრუნებენ"

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ფეხბურთელის თავს შექმნილი გაუგებრობის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

ოდილაძემ აღნიშნა, რომ მეტოქე გუნდის (რომელშიც ბუდუ ზივზივაძე 2022 წლის პირველ ნახევარში იჯარის წესით თამაშობდა) ფეხბურთელთან მაისურის გაცვლის გამო ზივზივაძის დასჯა არასამართლიანია და რომ იგი კლუბის პრეზიდენტთან ისაუბრებს.

„ფეჰერვარისა“ და „უიპეშტის“ მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა და რა თქმა უნდა, მასპინძლების მაყურებლები გაღიზიანებულები იყვნენ. მატჩის შემდეგ ბუდუმ ყოფილ თანაგუნდელებს გულწრფელად მოგება მიულოცა, რადგან „უიპეშტის“ ფეხბურთელი იყო და ამ სპორტულ საქციელში ჩემი აზრით, ცუდი არაფერი იყო.

მატჩის შემდეგ „უიპეშტის“ ფეხბურთელმა ვინსენტ ონოვომ მაისური სთხოვა და ერთმანეთში გაცვალეს. ეს მაისური ბუდუმ გადაიცვა. ამ დროს „უიპეშტის“ გულშემატკივრები სკანდირებდნენ ბუდუს სახელს, რადგან ძალიან აფასებენ და უყვართ – ამიტომ წავიდა მათკენ, რომ მადლობა ეთქვა. ამაშიც ვერ ვხედავ ისეთ საქციელს, ვინმემ რომ ვერ გაიგოს. მაგრამ წაგების ემოციებზე „ფეჰერვარის“ ფანებმა ჩათვალეს, რომ ბუდუ ამას პროვოკაციულად აკეთებდა.

სინამდვილეში, მსგავსი რამ თავში აზრად არც მოსვლია. მაგრამ ადამიანია, შესაძლოა, ემოციები სხვაგვარად გამოხატა და თავის ყოფილ გუნდელებს მიულოცა, სტადიონზე კი დიდი ხმაური იყო – „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებმა დაიბარეს თავისი ფეხბურთელები, რა დროსაც ბუდუმ „უიპეშტის“ ფორმა გადაიცვა და გასახდელში შევიდა. უკმაყოფილება ამან გამოიწვია.

დიახ, ბუდუ ელაპარაკა სპორტულ დირექტორს და აუხსნა, რომ არანაირი პროვოკაციული ჩანაფიქრი არ ჰქონია – ყველა ადამიანი განსხვავებულია და ემოციას სხვაგვარად გამოხატავს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ემოციები ჩაცხრება, ვითარება გაირკვევა და გამოსწორდება. აუცილებლად შევხვდები „ფეჰერვარის“ სპორტულ დირექტორს, რომელსაც 20 წელზე მეტია ვიცნობ და გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ვითარება ავუხსნა. მას ვთხოვ, რომ ბუდუ ძირითად გუნდში დააბრუნონ, რადგან გუნდის და მისი ფანების საწინააღმდეგოდ არაფრის გაკეთება არ სურდა. მაგრამ ვიმეორებ, ადამიანები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.

ზაფხულში ბუდუს რამდენიმე გუნდი იწვევდა. ბუდუს გერმანიაში თამაში სურდა და ეს ვარიანტი მოეწონა. მაგრამ სპორტულმა დირექტორმა თხოვნით მოგვმართა, რომ თავდამსხმელების სიმცირის გამო არ წავსულიყავით. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, ადამიანურად გავუგეთ და პრობლემა არ შეგვიქმნია. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა „ფეჰერვარის“ ადმინისტრაციაც გაგვიგებს. ჩემი გადასახედიდან, მათთვისაც კარგი იქნება რაღაც დროის განმავლობაში ბუდუ მთავარ გუნდში დააბრუნონ, რადგან გუნდს გამოადგება, დეკემბერში კი იქნებ ისევ გამოჩნდნენ დაინტერესებულები და „ფეჰერვარი“ ტრანსფერში ფულს აიღებს.

შესაძლოა, ემოციების გამო რაღაცა სხვაგვარად გამოჩნდა, მაგრამ ბუდუს შეგნებულად თავისი ფანების გასაღიზიანებლად არაფერი გაუკეთებია და თუ უნებლიედ გული ვატკინეთ, ამის გამო გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი და ბუდუს სახელითაც მოვუხდი. შევხვდები სპორტულ დირექტორს და იმედია, ჩვენი ურთიერთპატივისცემა იმოქმედებს – საბოლოოდ, იმედია, ბუდუ დაეხმარება გუნდს, გუნდი კი – ბუდუს", - თქვა ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში "ფეჰერვარის" მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები