Belive

მეორე ქულა და მორიგი სრული მატჩი - ლოჩოშვილის გუნდმა ბერგამოდან ფრე წამოიღო 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის სერია A-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

მეხუთე ტურის დაპირისპირებაში, "კრემონეზემ" ბერგამოში მიმდინარე გათამაშების ლიდერ, "ატალანტასთან" ფრე - 1:1 ითამაშა. 

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის შუაში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ანგარში მერიჰ დემირალმა 71-ე წუთზე გახსნა, სტუმართაგან კი წონასწორობა 8 წუთში ემანუელე ვალერიმ აღადგინა.

რაც შეეხება უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მიჯრით მეორე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი რიგ ეპიზოდებში დამაჯერებელი იყო და სუფთა ვარდნებით სახიფათო იერიშები ჩაშალა, თუმცა აღსანიშნია, რომ მასპინძელთა მიერ გატანილი გოლი სწორედ იმ ჯარიმას მოჰყვა, რომელიც ლოჩოშვილის მიერ თამაშის წესის დარღვევის გამო დაინიშნა. "დინამო თბილისის" აღზრდილმა ფეხბურთელმა 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მისი საბოლოო შეფასების კოეფიციენტი 6.7-ს შეადგენდა.

ქართველი ფეხბურთელის დეტალური სტატისტიკა "ატალანტას" წინააღმდეგ შემდეგნაირად გამოიყურება:

ნათამაშები წუთი: 90

სუფთა ვარდნა: 5

ჩაჭრა: 1

ართმევა: 1 

მოგებული ორთაბრძოლა მოედანზე: 1/4

მოგებული ორთაბრძოლა ჰაერში: 5/6

ბურთთან შეხება: 45

პასის სიზუსტე: 26/36 (72%)

ჯარიმა: 3 

საინტერესოა ისიც, რომ ლოჩოშვილის გუნდის მიერ "ატალანტასთვის" ქულის დაკარგვინებამ, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 5 ტურის შემდეგ დაგროვილი 14 ქულით და უშუალო კონკურენტებთან ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილზე ყოფნის შესაძლებლობა მისცა.

სხვა სტატიები