Belive

მესი ბარსელონაში რჩება: "ბედნიერი არ ვიყავი და წასვლა მინდოდა, მაგრამ..."

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი, გუნდს არ დატოვებს და მომავალ სეზონში კვლავ "ბლაუგრანას" მაისურს მოირგებს. არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ექსკლუზიური ინტერვიუ Goal.com-მა ჩაწერა, სადაც მესიმ საკუთარი პრობლემებისა და გადაწყვეტილების მოტივის შესახებ ისაუბრა.
"გუნდში ბედნიერი არ ვიყავი და წასვლა მსურდა, თუმცა ბარსელონამ ამისი უფლება არ მომცა. ამიტომაც, ვრჩები, რათა გუნდთან სასამართლოში დაპირისპირება თავიდან ავირიდო. ბართომეუს წინამძღოლობით, გუნდის მენეჯმენტი ნამდვილ საშინელებას წარმოადგენს", - განაცხადა მესიმ.

"გუნდის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. ამის შესახებ მან მთელი წლის განმავლობაში იცოდა. მჯეროდა, რომ გუნდს სიახლე და ახალი ფეხბურთელები სჭირდებოდა, ჩემი დრო კი დასრულებული იყო. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე საკითხი იყო, რადგან კარიერის დასრულება ბარსელონაში მინდოდა. ეს ძალიან რთული წელიწადი იყო: მიჭირდა ვარჯიში, თამაში, გასახდელში ყოფნაც კი. ჩემთვის ყველაფერი ძალიან გართულდა და დადგა იმისი დრო, მივმხვდარიყავი, რომ წასვლა საჭირო იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ამ დასკვნამდე "ბაიერნთან" წაგებული თამაშის შემდეგ (8-2) არ მივსულვარ - ამაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ბართომეუს თქმით, სეზონის ბოლოს, გუნდში დარჩენის საკითხი თავად უნდა გადამეწყვიტა, თუმცა პრეზიდენტმა სიტყვა არ შეასრულა. ჩემი წასვლისთვის, გუნდთან სასამართლოში დაპირისპირება მომიწევდა, მე კი არ მინდა, ვიბრძოლო ბარსელონას წინააღმდეგ", - აღნიშნა ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნული განცხადება პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას მისი მამა და აგენტი, ხორხე მესიც ესწრებოდა. გუნდის პრეზიდენტმა ნათლად განმარტა, რომ მესის "ბარსელონას" დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით არ შეეძლო და მისი შეძენის მსურველს, კატალონიური გუნდისთვის 700 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. მესის თქმით, მის კონტრაქტში გათვალისწინებული იყო, რომ საკუთარი სურვილის შემთხვევაში, გუნდიდან უფასოდ წასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა საკუთარი და გუნდის რეპუტაციიდან გამომდინარე, "ბარსელონასთან" სასამართლო დავა არ წამოიწყო.
"როდესაც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახს შევატყობინე, ეს უმძიმესი მომენტი იყო. ყველა ტიროდა: ჩემს შვილებს ბარსელონას, სკოლისა და მეგობრების მიტოვება არ სურდათ. მატეო ჯერ პატარაა და კარგად ვერც იაზრებს, თუ რას ნიშნავს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. ტიაგო უფროსია, ყოველთვის კითხვებს სვამდა და მთხოვდა, რომ დავრჩენილიყავით. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ჩემი ოჯახისა და ბარსელონას სასარგებლოდ მივიღე", - განაცხადა არგენტინელმა.

ასევე იხილეთ: ბართომეუ – ადამიანი, ვის გამოც ისტორია სრულდება

 

სხვა სტატიები