Belive

"მესი შეუჩერებელია, რონალდუ მანქანაა",- ადილ რამი

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
34 წლის ცენტრალური მცველი ადილ რამი ახლა პორტუგალიური კლუბის "ბოავიშტას" ღრისებას იცავს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილ წევრს რონალდუსა და მესის წინააღმდეგ თამაში რეგულარულად უწევდა, გამომდინარე იქედან, რომ რამი 2 სეზონის განმავლობაში "სევილიას" ღირსებას იცავდა. ლეოსა და კრიშტიანუს შესახებ არაერთ ცნობილ ადამიანს უსაუბრია, შეუდარებია, თავისი ფავორიტი დაუსახელებია და ა.შ. მათ შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა ფრანგმა მცველმაც ისაუბრა. ადილ რამი გულწრფელად აღიარებს, რომ ლეო მესის შეჩერება შეუძლებელია, რონალდუ კი ნამდვილი მანქანაა. 2015 წლიდან 2017 წლის ჩათვლით რამიმ ესპანეთის ჩემპიონატში 49 შეხვედრა ჩაატარა "სევილიას" მაისურით. სწორედ ამ პერიოდში მოუწია ფრანგ მცველს ფეხბურთის ისტორიაში  საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ ასპარეზობა. რონალდუ და მესი ახლაც მშვენიერ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ იმ პერიოდში ორივე უბრალოდ დაფრინავდა. რამი იხსენებს, თუ როგორი რთული იყო იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც ერთად 11 ოქროს ბურთის მფლობელები არიან. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა RMC Sport- თან საუბრისას გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა ორი საოცარი შემტევის შეჩერებას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. "ლიონელ მესი - მოედანზე ყველა ვგრძნობდით, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერს ვიზამდით, თავს ვერაფრით დავიცავდით. ლეო უბრალოდ შეუდარებელია, ის უდიდესი ნიჭითაა დაჯილდოებული". "ის, რაც რონალდუში მაოცებს, მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობაა",- აცხადებს ფრანგი მცველი. " "რეალთან" ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ოჯახთან ერთად რესტორანში წავედი, მათ რონალდუს შესახებ მკითხეს, მე მათ ვუთხარი, რომ გაოცებული ვარ, თუ რამდენად მაგარია პორტუგალიელი". "პირველი რამდენიმე შეხვედრა ცოტათი დაძაბული ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ რონალდუს წინააღმდეგ თამაში ურთულესი იქნებოდა. უნაი ემერიმ მითხრა, რომ რონალდუსთვის სივრცე არ დამეტოვებინა და ყველანაირად მეცადა, რომ მისთვის კარში დარტყმის საშუალება არ მიმეცა, რადგან როცა რონალდუ ურტყამს, ჩათვალე ყველაფერი დამთავრდა". ადილ რამიმ საინტერესო ფაქტი აღნიშნა: '' მესისა და რონალდუს მაისურების რაოდენობით, რომლებიც მე დამიგროვდა, ლოს-ანჯელესში ვილას თავისუფლად ვიყიდდი". როგორც ჩანს, ფრანგი მცველი ყოველი დაპირისპირების შემდეგ კრიშტიანუს მაისურის გაცვლას სთხოვდა და პორტუგალიელიც უარს არ ეუბნებოდა. ორი უმაღლესი დონის პროფესიონალი, განსხვავებული სათამაშო მანერით და უნარებით - მათთან თამაში ყველასთვის ძალიან რთულია და ამ ორის შეჩერება უდიდეს ძალისხმევასთან ერთად იღაბლსაც მოითხოვს.  

სხვა სტატიები