Belive

მესი თავისუფალი აგენტი ხდება | კატალონიური პრესა ახალ კონტრაქტს აანონსებს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
30 ივნისის შუაღამიდან ლიონელ მესი, სულ მცირე, დოკუმენტაციის თანახმად, "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარ იქნება, რადგან არგენტინელმა ჯერ არ მიაღწია შეთანხმებას კლუბთან ახალ კონტრაქტზე. მას შემდეგ, რაც მარტში, ბარსელონას პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა დაბრუნდა, მისი პირველი მიზანი მესისთვის ახალი გარიგების დადება იყო, მაგრამ კატალონიური კლუბის ყველა დროის რეკორდსმენთან შეთანხმება როგორც ზევით აღვნიშნეთ ამ ეტაპამდე არ შედგა. საყურადღებოა, რომ გასულ ზაფხულს მესიმ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებს, კლუბის დატოვების თხოვნით მიმართა, თუმცა ამის უმთავრეს მიზეზად, ესპანური გრანდის პრეზიდენტის მიმართ მისი ანტიპათია იყო - ბართომეუ კლუბში აღარაა, შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ მესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, სულ უფრო დიდია. ლაპორტა მთელი თავისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცალსახად აცხადებდა, რომ მისგან არგენტინელი სუპერვარსკვლავი უდიდეს მხარდაჭერას მიიღებდა, თუმცა ლაპორტას პრეზიდენტობიდან 4 თვის თავზე გუნდის ქომაგები აპროტესტებენ ფაქტს, რომ მესისა და გუნდს შორის სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება. რეალურად, მესისა და ლაპორტას შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა, კლუბის პრეზიდენტს არამხოლოდ ფეხბურთელთან, არამედ მის მამასთანაც პოზიტიური ურთიერთობა აქვს, მიუხედავად ამისა როდესაც საქმე ახალ კონტრაქს ეხება, თავის იჩენს ისეთი პრობლემური საკითხები, რომელსაც ვერანაირი პირადული კარგი ურთიერთობა ვერ ჩრდილავს. ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემური საკითხები შეიძლება მოგვარდეს მომდევნო რამდენიმე დღეში, ან შეიძლება ცოტა მეტი დროც დასჭირდეს, მაგრამ აშკარად იკვეთება, რომ ლაპორტას დაუყოვნებლივ სურს შეთანხმების დადება, რათა თავიდან იქნას აცილებული მესის თავისუფალი აგენტის სტატუსით არსებობა, თუნდაც რამდენიმე დღით. ესპანური გრანდისთვის მესის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი საკითხია ფაქტობრივად ყველანაირი კუთხით - მესი, გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც საფეხბურთო კუთხით, ასევე ფინანსურადაც, ვინაიდან არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც კატალონიურ გრანდთან რეკლამირების ჭრილში მხოლოდ იმიტომ თანამშრომლობს, რომ გუნდში ლეოს სახით, ირიცხება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. კატალონიურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმისათან დაკავშირებით, რომ ახალი კონტრაქტი დასკვნით სტადიაზეა. ცნობის თანახმად, "ბარსელონასა" და მესის შორის ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი მზადდება, რომელიც ძალიან მალე გაოფიციალურდება.

სხვა სტატიები