Belive

მესიმ მდიდრული სასტუმრო შეიძინა და მომსახურე პერსონალი გაათავისუფლა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" სუპერვარსკვლავმა - ლეო მესიმ, კადისის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ რაიონში სასტუმრო შეიძინა. ეს არ არის პირველი სასტუმრო, რომელიც არგენტინელ სუპერვარსკვლავს ეკუთვნის და გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - სასტუმროს შეძენისთანავე, მესიმ მომსახურე პერსონალი გაათავისუფლა, რითიც სოციალური ქსელების მომხმარებელთა კრიტიკა დაიმსახურა. MIM Hotels group-ი, რომელიც ლეო მესის ეკუთვნის სხვადასხვა ლოკაციაზე 5 სასტუმროს ფლობს - ახლად შეძენილი სასტუმრო "San Roque" კი რიგით მეექვსეა. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რა გახდა თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ დაახლოებით 40-მდე თანამშრომელი დაითხოვა - ზოგიერთი მათგანის სამუშაო სტაჟი 25-30 წელს ითვლის. მომხდართან დაკავშირებით, კადისის მერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნავს, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებები დაიცვას.
"ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც პროფესიონალი თანამშრომლები უსამსახუროდ დარჩნენ. მომსახურე პერსონალს სასტუმროს ერთგული კლიენტებისა და ჩვენი უპირობო მხარდაჭერა აქვთ - ეს კაცები და ქალები არიან პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს უბადლოდ ასრულებდნენ. სასტუმროში მუშაობდნენ ადამიანები, რომელთაც 25-30 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. სამწუხაროდ, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის პირველივე დღეს მათ გათავისუფლების შესახებ უსიამოვნო ინფორმაცია მიიღეს", - აღნიშნავს კადისის მერი.

სხვა სტატიები