Belive

მილანი VS ჩელსი | იტალიელები რევანშისთვის ემზადებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გასულ კვირას ლონდონში "ჩელსისა" და "მილანის" დაპირისპირება შედგა, სადაც მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში გოლის ავტორები ფოფანა, ობამეიანგი და რის ჯეიმსი გახდნენ.

დღეს ისინი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ამჯერად შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართება.

იტალიელები ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან, რადგან შიდა ჩემპიონატში პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვეს. მილანელებმა "იუვენტუსი" ფიკაიო ტომორისა და ბრაჰიმ დიასის გოლებით დაამარცხეს.

სტეფანო პიოლის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა "ზალცბურგთან" ფრით დაიწყო. მეორე შეხვედრა მათთვის წარმატებული აღმოჩნდა, სადაც "დინამო ზაგრები" 3:1 დაამარცხეს. ერთი კვირის წინ "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ, ისინი ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილს იკავებენ. აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლების შემდეგ, "მილანს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი არ დაუძლევია. "როსონერის" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, "რეალის" შემდეგ, ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ აქვს მოგებული.

"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება საკმაოდ ცუდად დაიწყო. პირველ შეხვედრაში ისინი "დინამო ზაგრების" წინააღმდეგ, მისლავ ორსიჩის გოლით დამარცხდნენ. შემდეგი კი, "ზალცბურგთან" ფრე ითამაშეს, სადაც ლონდონელებმა ქულები ბოლო 15 წუთში დაკარგეს. "არისტოკრეტები" უკანასკნელი 4 შეხვედრაა დაუმარცხებლები არიან და შიდა ჩემპიონატშიც კარგად გამოიყურებიან. ამჟამად "ლურჯები" პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებენ.

დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება.

აშკარაა, რომ "მილანი" უარეს მდგომარეობაშია ვიდრე "ჩელსი". იტალიელებს მაიკ მენიო, ალესანდრო ფლორენცი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟუნიორ მესიასი, სიმონ კიაერი, დავიდე კალაბრია და ალექსის სალემაკერსი დააკლდებათ.

რაც შეეხება "ჩელსის", ნ'გოლო კანტე ბარძაყის, ხოლო უესლი ფოფანა მუხლის ტრავმის გამო დააკლდება გუნდს. ლონდონური კლუბის შემადგენლობაში დღეს ჰაკიმ ზიეჩსაც ვერ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები