Belive

მილანის გენერალური დირექტორი : "იბრაჰიმოვიჩი ქოლგას ჰგავს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მილანის გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორია შვედი თავდამსხმელის გავლენა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მან იბრაჰიმოვიჩი ქოლგას შეადარა. 39 წლის ზლატანი ნაკლებად გამოცდილ თანაგუნდელებს თვითდამკვიდრებაში ეხმარება და სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლაში წინ მიუძღვება. "მილანის" გენერალური დირექტორის, ივან გაზიდისის თქმით:
"ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანის" ქოლგას ჰგავს - ის გარე წნეხისგან იცავს ახალგაზრდა მოთამაშეებს და განვითარებაში უწყობს ხელს".
"მილანში" დაბრუნების მომენტიდან იბრაჰიმოვიჩმა გუნდზე გარდამტეხი გავლენა იქონია. ახალი წლის წინ "მილანი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას. 39 წლის შვედმა ფორვარდმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.
"ჩემთვის დიდი გამოწვევაა აქ დაბრუნება, რომ შევეცადო მენტალიტეტის შეცვლას, ვცადო სიტუაციის შეცვლაც და გავაგებინო თანაგუნდელებს, თუ რა არის "მილანი" '',- აცხადებს იბრაჰიმოვიჩი. "როცა ვთამაშობ, მოედანზე ჩემი ხასიათი შემომაქვს, ჩემი პიროვნება და ცხადია, ჩემი თვისებები. ვცდილობ თანაგუნდელებს ვაიძულო, რომ თითოეული ბოლომდე დაიხარჯოს. მათგან მაქსიმუმის მიღება მსურს".
რაც შეეხება გაზიდისს, მისთვის იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება ახალი სუნთქვასავით იყო.
"ყველაზე მეტად რაც მახარებს, ეს არის ჩვენი ლიდერობის დემონსტრირება, რომელიც მხოლოდ ზლატანში არ არის, მისი თვისებები და სულისკვეთება სხვებსაც გადაედოთ. ზლატანი თანაგუნდელების ქოლგაა, ის თავს კომფორტულად გრძნობს და მთელს წნეხს საკუთარ თავზე იღებს, ამით  ახალგაზრდა მოთამაშეებს გაზრდაში უწყობს ხელს". "ძალიან საინტერესოა - მოთამაშეები, რომლებიც "მილანში" მოდიან, ყველას რაღაცის მოგება სურს. ეს იქნება ზლატანის მემკვიდრეობაც, რადგან მან უამრავი რამ მოიგო. მას შეეძლო აღარ ეთამაშა და უზრუნველად ეცხოვრა, მას ხომ დასამტკიცებელი არაფერი აქვს. მაგრამ ის მოვიდა "მილანში"და ესმის, თუ რა გამოწვევის წინაშეა. ის უკვე სხვანაირი ფეხბურთელია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ისე ხშირად არ დარბის, როგორც ადრე, მაგრამ მის გარშემო 10 მოთამაშეა, რომელიც ყოველთვის მზადაა ზლატანს გაჰყვეს".  

სხვა სტატიები