Belive

მიულერი: "მესის გასანეიტრალებლად ერთი ადამიანი საკმარისი არაა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა, თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ ისაუბრა და ძირითადად, ყურადღება "ბარსელონას" სუპერვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე გაამახვილა.
"მესიზე იმის თქმა შემიძლია, რომ ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მის გასანეიტრალებლად ერთი ფეხბურთელი საკმარისი არ იქნება. ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ მის წინააღმდეგ მთელმა გუნდმა უნდა ითამაშოს. თუკი ლიონელი ერთ ფეხბურთელს გაცდება, ის სასწრაფოდ მეორემ უნდა შეაჩეროს. თუ ესეც ვერ მოხერხდა, საქმეში მესამე ფეხბურთელი ჩაერთვება და ამასობაში, პირველმა და მეორე ფეხბურთელმა დაკარგული პოზიციები უნდა აღიდგინონ. წინ ძალიან საინტერესო თამაში გველოდება. ჩვენ არამარტო მესი, არამედ მთელი გუნდი უნდა შევაჩეროთ და დუელებში მაქსიმალურად აგრესიულები ვიყოთ."
მიულერმა "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელზე, ფელიპე კოუტინიოზეც ისაუბრა, რომელიც ამჟამად "ბაიერნის" ღირსებას იცავს.
"ფელიპე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ძირითადი შემადგენლობის 11 წევრს თითქოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გუნდში ასევე არიან სათადარიგო სკამზე მსხდომი ფეხბურთელები, რომლებმაც შესაძლოა თამაშის ბედი გადაწყვიტონ - ამისი ნათელი მაგალითი "პარი სენ-ჟერმენმა" გვაჩვენა," განაცხადა მიულერმა.
"ბარსელონა" - "ბაიერნის" დაპირისპირება დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება.  

სხვა სტატიები