Belive

ფეხბურთი I მსოფლიო ომში, როდესაც შობა დადგა - მივიწყებული ისტორია

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
ეს საოცარი მოვლენა I მსოფლიო ომში, 1914 წლის 25 დეკემბერს მოხდა. ათასობით გერმანელმა, ბრიტანელმა, ბელგიელმა და ფრანგმა ჯარისკაცმა იარაღი გადადო, სანგრიდან ამოვიდა მტერთან ერთად მშვიდობიანი შობის ღამე გაატარა. ეს იყო ყველაზე მშვიდობიანი აქტი იმ ომის ისტორიაში, რომელმაც 20-22 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს სტატია კი მოგიყვებათ ისტორიას, თუ როგორ დაზავდნენ და როგორ ითამაშეს მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი ადამიანებმა, რომლებმაც ცოტა ხანში, ერთმანეთს კვლავ იარაღი დაუმიზნეს. იმ საოცარი ღამის შემდეგ, დასავლეთის ფრონტზე ნამყოფი ჯარისკაცებისგან ბევრი ინფორმაცია შეგროვდა. ზოგმა წერილობით გადმოსცა, ზოგმა კი პირდაპირ მოჰყვა, თუ როგორ მოხდა ეს დაუჯერებელი ამბავი. უცნობია, თუ ვინ იყო ინიციატორი, ვინ ამოვიდა პირველი სანგრიდან და ვინ წამოიწყო საშობაო სიმღერა. თუმცა როგორც ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, ამ მშვიდობიან აქტში 100,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ომის მონაწილე, ბრიტანელი გრაჰამ უილიამსი ამ ამბავს ასე იხსენებს: "ყველაფერი ასე დაიწყო: გერმანელებმა საშობაო სიმღერა ჯერ გერმანულად, შემდეგ კი ინგლისურად იმღერეს. ამის შემდეგ, ჩვენ O Come, All Ye Faithful ვიმღერეთ, გერმანელები კი ამ სიმღერის ორიგინალი, ლათინური ვერსიით შემოგვიერთდნენ, რომელსაც Adeste Fideles ეწოდება. ჩემთვის ვიფიქრე - რა საოცარი მომენტია, ორი ერი, მსოფლიო ომის დროს, საშობაო სიმღერას ერთად მღერის."
c433362006fda0c671ec052cb0dbd471

მეორე დილით, გერმანელი ჯარისკაცები სანგრიდან ამოვიდნენ. ისინი ინგლისურად ყვიროდნენ: Merry Christmas! (შობას გილოცავთ). გერმანელებს ხელში ეჭირათ წარწერები: "თუ არ გვესვრით, ჩვენც არ გესვრით." მთელი დღის განმავლობაში, ჯარისკაცები ერთმანეთს სიგარეტებს, საკვებს, ღილებსა და ქუდებს უცვლიდნენ. ასევე, ჯარისკაცებმა, მათ შორის არსებულ მიწაზე დახოცილი ჯარისკაცების დამარხვაც შეძლეს - ამ დღემდე ნებისმიერს, ვინც ამ ტერიტორიაზე გაივლიდა, საწინააღმდეგო ბანაკიდან ტყვია ხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ დროებითი ზავი დასავლეთის ფრონტზე აქტიურად გავრცელდა, თუმცა მასში ყველა არ მონაწილეობდა - ზოგიერთმა ჯარისკაცმა მშვიდობას კვლავ სროლა არჩია. 30-იან წლებში, ბრიტანელმა ჯარისკაცმა, მარდოკ ვუდმა ასეთი რამ თქვა: "ყველაფერი ჩვენთვის, ჯარისკაცებისთვის რომ მოენდოთ, მეტი ტყვია საერთოდ აღარ გავარდებოდა. ყველაფერი განსხვავებულად დაინახა I მსოფლიო ომში გერმანიის არმიის კაპრალმა, ადოლფ ჰიტლერმა. როგორც ადამ ჰოხშილდის წიგნში, "რათა დასრულდეს ყველა ომი: ერთგულებისა და აჯანყების ისტორია" ვკითხულობთ, გერმანელების მომავალმა ლიდერმა ამ ისტორიულ მოვლენას ასეთი შეფასება მისცა: "ასეთი რამ ომის დროს არ უნდა ხდებოდეს. თქვენ რა, ღირსების გერმანული შეგრძნება არ გაგაჩნიათ?"
 

ამ ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია საფეხბურთო მატჩი, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე, სანგრებს შორის შედგა. წარმოიდგინეთ - 25 დეკემბერი, სიცივე, სანგრები, ტყვიებით სავსე მიწა და ჩექმებში, საომარ ტანსაცმელში გამოწყობილი გერმანელი და ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ. ეს იყო დღე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მშვიდობიან მოვლენათა შორის, გამორჩეულ ადგილს იკავებს.

ცხადია, ომი ამ დღეს არ დამთავრებულა. ზოგიერთ ადგილას, მშვიდობამ ახალ წლამდე გასტანა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ძველ, სასტიკ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯარისკაცები სანგრებში დაბრუნდნენ და სასტიკი ომი გაგრძელდა. იმ საოცარი შობის ღამის უკანასკნელმა ცოცხალმა მონაწილემ, ალფრედ ანდერსონმა, 2004 წელს The Observer-თან საუბრისას გაიხსენა, რომ ეს იყო საშინელ ომში დამყარებული ხანმოკლე მშვიდობა. ინტერვიუს ჩაწერისას ის 108 წლის იყო და პერთშაირში მარტო ცხოვრობდა. მას კვლავ ჰქონდა შენახული ის საჩუქრები, რომლებიც მას 1914 წელს, გერმანელი ჯარისკაცებისგან ჰქონდა მიღებული. "მახსენდება ის შემაძრწუნებელი სიჩუმე, რომელიც ჩამოწვა. ჩვენ კვლავ დავიყვირეთ: "შობას გილოცავთ!" მაგრამ ამას აზრი აღარ ჰქონდა. უამრავი საშინელი დღე გამოვიარე და უახლოესი მეგობრები დავკარგე," იხსენებდა იგი.

იხილეთ Sainsbury’s-ის საშობაო რეკლამა, რომელიც კომპანიამ 2014 წელს, 100 წლის წინ მომხდარი "დროებითი ზავის" აღსანიშნავად გადაიღო

სხვა სტატიები