Belive

მიზეზი თუ რატომაა ვენგერი იდეალური კანდიდატურა ბაიერნისთვის

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, არსენ ვენგერი უსამსახუროდაა დარჩენილი. არაერთი გავლენიანი მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტის სამსახურით მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები ინტერესდებიან. "რეკორდმაისტერისათვის" ახალი ერა დაიწყო. გასულ დეკადაში "ბაიერნს" არაერთი კრიზისი და ჩავარდნა ჰქონდა თუმცა კლუბის მესვეურები ყოველთვის პოულობდნენ გამოსავალს. ყველა მსგავს სიტუაციაში გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: ზარი იუპ ჰაინკესთან! ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელი, რომელსაც კრიზისში მყოფი "ბაიერნის" მესვეურები უკავშირდებოდნენ და რომელიც კლუბს ჩვეულ სიდიადეს უბრუნებდა. 2012-13 წლების სეზონში, როდესაც მიუნხენის "ბაიერნმა" ტრებლი მოიგო - ჰაინკესმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად კი პეპ გვარდიოლა დაინიშნა. ჰაინკესის სამსახური მიუნხენელებს 2017-18 წლების სეზონშიც დასჭირდათ. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონი კატასტროფულად დაიწყო, რის გამოც იგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჰაინკესმა გუნდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 73 წლის ლეგენდამ რეკომენდაცია ტომას ტუხელს გაუწია. საბოლოოდ, ახალგაზრდა და იმედისმომცემი ტუხელი "პარი სენ-ჟერმენს" გაურიგდა და "რეკორდმაისტერი" უარყო. "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ნიკო კოვაჩს ანდეს, რომელმაც "აინტრახტის" მენეჯერობის დროს შეძლო თავის გამოჩენა. კოვაჩის მიუნხენური კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა თანდათან გაფერმკრთალდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუნხენელთა თავკაცები მის გათავისუფლებას გეგმავენ. მთავარ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ჰიონესი ჰაინკესს ვეღარ დაუკავშირდება - 73 წლის გერმანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტის კვლავ ჩაბარებას არ გეგმავს. მიუნხენელთა საბედნიეროდ, შემოთავაზებას ვენგერი სიამოვნებით დათანხმდება. ვენგერისაგან განსხვავებით, კოვაჩს თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებთან მუშაობის გამოცდილება ნაკლებად აქვს. აღნიშნულზე თუნდაც ის ფაქტებიც მეტყველებს, რომ მიუნხენელთა შიდა სამზარეულოში არაერთი დაპირისპირება მოხდა. ხამეს როდრიგესი, არიენ რობენი, ფრენკ რიბერი და ტომას მიულერი - სწორედ ეს ვარსკვლავები განაგებენ "ბაიერნის" გასახდელს და სწორედ მათ აქვთ ყველაზე ხშირად კოვაჩთან უთანხმოება. არსენ ვენგერს ზურგს პრემიერლიგის ჩემპიონის სამი ტიტული უმაგრებს, მისი მეთაურობით არაერთმა ვარსკვლავმა გაიბრწყინა და დისციპლინის მხრივ მის გუნდში ყოველთვის წესრიგი სუფევდა. გვარდიოლას შემდეგ, მიუნხენელთა სათამაშო სტილი მკვეთრად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ვენგერისა და "ბაიერნის" ფილოსოფია ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ამ დროისათვის "ბაიერნი" 4-2-3-1 ფორმაციით ასპარეზობს, რაც ვენგერისათვის უცხო ნამდვილად არაა. მესუთ იოზილის მსგავსად ხამეს როდრიგესი კვლავ 10 ნომერს მოირგებს, ფლანგებიდან კი სერჟ გნაბრი და ტომას მიულერი შეეცდებიან შეტევების გამწვავებას და რობერტ ლევანდოვსკის პასებით მომარაგებას. "ბაიერნისათვის" იდეალური კანდიდატურაა მწვრთნელი, რომლის მეტსახელიც "პროფესორია" ("Le Professeur"). ვენგერს შესაძლოა თავდაპირველად გარკვეული პრობლემები ჰქონდეს გერმანულ ენასთან და ადაპტაციის პროცესი გაურთულდეს - თუმცა იგი ნამდვილად შეძლებს დამტკიცებას, რომ ტიტულების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. "ბაიერნი" და ვენგერი იდეალური ტანდემი იქნება - თანამედროვე ფეხბურთის ორი გამორჩეული სახელის გაერთიანება ძველი დიდების დასაბრუნებლად.

სხვა სტატიები