Belive

"მხოლოდ ტელეფონის აღება და დინამოსთან დარეკვაა საჭირო" - ესპანური მედია მამარდაშვილის მომავალზე საუბრობს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ინგლისელი თანატოლების (3:2) დამარცხების და 90 წუთის განმავლობაში სრულად თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ესპანური პრესის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. AS-ი და სხვა ესპანური სპორტული გამოცემები ქართველი მეკარის შესახებ წერენ, რომ მან ინგლისის წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრით ხანგრძლივი უთამაშებელი პაუზა შეწყვიტა და რომ მის მომავალთან დაკავშირებით, მალე სიახლე უნდა გაჩნდეს.
"ის საქართველოს მთავარ ნაკრებთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ 21-წლამდელებთან ერთად იქნებოდა, რადგანაც იქ თამაშის მეტი შანსი ექნებოდა. ლა ლიგის ძალიან კარგი სტარტის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 6 მატჩით შემოიფარგლა, მან დაიპყრო "მესტალია" და აჩვენა, რომ მისი დონე ლა ლიგასთვისაა განკუთვნილი და არა ასაკობრივი გუნდებისთვის. თუმცა შემდეგ, მამარდაშვილმა დაინახა, თუ როგორ შეიცვალა მისი როლი. ის ნაკლებად მნიშვნელოვანი და სკამზე გადასვეს. ქართველს არ უთამაშია 22 სექტემბრის შემდეგ, როცა სილესენმა ადგილი წაართვა, მაგრამ ამ საერთაშორისო პაუზის დრო მის სახეზე ღიმილი დაბრუნდა. ქართველებმა ინგლისი - 3:2 დაამარცხეს, შეხვედრაში, რომელიც მათთვის ამხანაგურზე მეტი იყო, რაც აღნიშვნაში, ზეიმსა და სასტუმროში დახვედრაზეც გამოჩნდა. მამარდაშვილის პოზიტივი დაუბრუნდა, მაგრამ მისი მომავალი ჯერ კიდევ გასარკვევია. "ვალენსიას" აქვს გიორგის გამოსყიდვის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც 1 იანვრამდე შეუძლია და მათ საამისოდ მხოლოდ 800 000 ევროს გაღება მოუწევთ, თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ მეკარის დამატება ზაფხულში შეეძლებათ, ამ დროისთვის კი ფასი უფრო მეტად გაიზრდება. 2021 წლის დასრულებამდე სულ რაღაც თვენახევარია დარჩენილი, მამარდაშვილის მომავალი კვირების განმავლობაში მაგიდაზე დევს, რჩება მხოლოდ ტელეფონის აღება და ზარი "დინამო თბილისთან", რომ ყველაფერი გაირკვეს", - წერს as-ი.
21 წლის გიორგი მამარდაშვილს 2021/22 წლების საკლუბო სეზონში ლა ლიგაში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ორჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და 7 გოლი გაუშვა.

სხვა სტატიები