Belive

მოგებული ფინალის შემდეგ მოლოდინი იცვლება: თემურ ქეცბაია შესაძლოა ანორთოსისში დარჩეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქართველმა სპეციალისტმა, თემურ ქეცბაიამ რამდენიმე თვის წინ დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა, თუმცა, კვიპროსის თასის მოგებული ფინალის შემდეგ, რომელსაც იგი მისთვის ფამაგუსტურ კლუბში უკანასკნელ შეხვედრას განიხილავდა, შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს. ამის შესახებ, ლარნაკაში ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელშიც "ანორთოსისმა" ნიქოზიის "ოლიმპიაკოსი" გიორგი ქვილითაიას მიერ 109-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით (2:1) დაამარცხა, კლუბის პრეზიდენტმა, ევგენიოს ჰამბულასმა ისაუბრა.
"მოდით ამ საკითხს აშკარად ნუ განვიხილავთ. ზოგიერთს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან მყარია და ჩვენი ცხოვრება საქმის პარალელურად მიმდინარეობს. მე ვიცი, როდის უნდა დავუჭირო მხარი იმ ადამიანებს, რომლებიც "ანორთოსისს" შედეგს სთავაზობენ. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით თემურს შეთავაზებას გავუკეთებთ და ის ხელს მოაწერს", - თქვა ფამაგუსტური კლუბის პრეზიდენტმა.
თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს 61 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 30 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 17-ში დამარცხდა. ქეცბაიას ხელმძღვანელობით, “ანორთოსისში” შვიდმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა მიქაიამ, გიორგი ლორიამ  (მეკარეები), მურთაზ დაუშვილმა, ჯანო ანანიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა (ნახევარმცველები), ნიკა კაჭარავამ და გიორგი ქვილითაიამ (თავდამსხმელები) ითამაშა. მიმდინარე სეზონში გუნდის ორი საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი, შესაბამისად, 16 და 9 გოლით არიან. 13-წლიანი პაუზის შემდეგ, "ანორთოსისმა" ზედიზედ ორ სეზონში ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა და 2008 წლის შემდეგ პირველად ტიტულსაც დაეუფლა. საინტერესოა, რომ როგორც ახლა, ისე მაშინ გუნდს სწორედ 53 წლის სპეიციალისტი ხელმძღვანელობდა. ასევე იხილეთ: საქართველოს დროშებით: ანორთოსისმა კვიპროსის თასი აღმართა (ვიდეო) ასევე იხილეთ: ტიტული 13 წლის შემდეგ: ქართველების ანორთოსისი კვიპროსის თასის გამარჯვებულია (ვიდეო) ასევე იხილეთ: ქვილითაიამ გაიტანა! – თასის ფინალის მეორე დამატებით ტაიმში ანორთოსისი დაწინაურდა (ვიდეო)

სხვა სტატიები