Belive

"მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ეს საქმიანობა" - პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის ვებ-გვერდმა ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გავრცელა.
"პრემიერ ლიგა, FA-სთან ერთად, დღეს კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა სუპერ ლიგის შექმნის იდეა და მისი შედეგები განეხილათ. შეხვედრაზე თოთხმეტმა კლუბმა ერთხმად და ენერგიულად უარყო შეჯიბრის გეგმები. პრემიერ ლიგა განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა ეს პროექტი არ განვითარდეს, აგრეთვე დადგეს იმ აქციონერების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ამ პროექტის მიმართ ინიციატივას იჩენენ, ოღონდ ეს ყველაფერი წესების დაცვით უნდა მოხდეს. ლიგა გააგრძელებს მუშაობას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის გულშემატკივართა ჯგუფებთან, მთავრობასთან, UEFA-სთან, FA-სთან, EFL-თან, PFA-სა და LMA-სთან, სპორტის ამ სახეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად და მოუწოდებს იმ კლუბებს, რომლებიც ამ შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს საქმიანობა. პრემიერ ლიგა მადლობას უხდის გულშემატკივრებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ამ კვირაში გამოხატეს ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. გავრცელებული რეაქცია ადასტურებს იმას, თუ რას ნიშნავს ჩვენი პირამიდა და საფეხბურთო საზოგადოება ხალხისთვის", - წერს ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ევროპის სუპერ ლიგის შექმნას ხელი უკვე ევროპის 12-მა გრანდმა მოაწერა, რომელსაც კიდევ სამი კლუბი უნდა დაემატოს. საერთო ჯამში, ტურნირი 20 კლუბს გააერთიანებს, სადაც ხუთი ადგილი ვაკანტური იქნება და მას კლუბები შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ.

სხვა სტატიები