Belive

მოჰამედ სალაჰი: "ჩვენ ჩემპიონები ვართ და ბოლომდე ჩემპიონებივით ვიბრძოლებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი გულშემტაკივრებს ჰპირდება, რომ გუნდი ყველაფერს იღონებს, რათა ფორმაში ჩადგეს. პრემიერ ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა შაბათს, 13 თებერვალს "ლესტერთან" 3:1 წააგეს, აღნიშნული მარცხი პრემიერ ლიგის ეგიდით "წითელბისთვის" ზედიზედ მე-3 გამოდგა, სულ კი გუნდმა მე-6 მატჩი წააგო. მერსისაიდელების გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ "ლესტერთან" მარცხის შემდეგ "ლივერპული" "სიტის" ვეღარ დაეწევა და გუნდმა ტიტულის დაცვის შანსი დაკარგა, მაგრამ მოჰამედ სალაჰი გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს გააკეთებენ, რაც შესაძლებელია, რომ კვლავინდებურად სათანადო სიმაღლეზე დადგნენ. სალაჰმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"ეს რთული პერიოდი იყო მრავალი მიზეზის გამო. ჩვენ ჩემპიონები ვართ და ბოლომდე ჩემპიონებივით ვიბრძოლებთ. არ დავუშვებთ, რომ ეს სეზონი ჩვენმა ბოლოდროინდელმა შედეგებმა განსაზღვროს. ყველას გპირდებით".
მიმდინარე სეზონში "ლივერპული" ტრავმიანობამ გააწამა, გუნდის უარყოფითი შედეგებიც სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, "წითლებს" ერთბაშად სამი ცენტრალური მცველი აკლიათ. ტრავმირებულები არიან  ვან დაიკი, გომესი და მატიპი. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "ლივერპულს" 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "წითლები" ლიდერ "სიტის" 13 ქულით ჩამორჩებიან და, ამასთან, გვარდიოლას გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, ეგვიპტელმა შემტევმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები