Belive

მოყვარულთა ლიგა - ქართული პროექტი რომელმაც UEFA-ს ჯილდო დაიმსახურა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, UEFA-მ მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო გამოარჩია და ვერცხლის ჯილდო გადასცა. UEFA-ს აღიარება პროექტმა "მოყვარულთა ლიგა"-მ დაიმსახურა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პროექტი "მოყვარულთა ლიგა" 2016 წლიდან ტარდება. ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი მოყვარულის ჩართვა, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - სწორედ ეს წარმოადგენს "მოყვარულთა ლიგის" მთავარ მიზანს. პროექტი ("მოყვარულთა ლიგა") 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს სამოყვარულო ფებურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანაორგანიზებითა და დაფინანსებით. პროექტი სრულიად საქართველოს მოიცავს და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. "მოყვარულთა ლიგაში" 400-მდე სამოყვარულო საფეხბურთო კლუბი და დაახლოებით 8.000 მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობს. "2018 წელი საქართველოში მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით ისტორიულია, რადგან სწორედ წელს მოხდა მისი ჩაბმა საერთო ევროპულ სამოყვარულო საფეხბურთო ოჯახში. მოგეხსენებათ, ივნისში შარშანდელი სეზონის გამარჯვებულმა, ფოთის „ჭაბონამა“-მ მონაწილეობა მიიღო UEFA-ს რეგიონთა თასზე, ხოლო ვერცხლის ჯილდო დასტურია იმისა, რომ ქართული ფეხბურთის სწორი მიმართულებით განვითარება შეფასდა UEFA-ს მიერ. "მოყვარულთა ლიგა" 2016 წლიდან ხორციელდება საქართველოს სამოყვარულო ფებურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანაორგანიზებითა და დაფინანსებით. მონაწილე გუნდებისა და მოთამაშეების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტმა მიიღო რეგულარული სახე, რაც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით", - აღნიშნა სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წელს პირველად მიიღო ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო პროექტის კონცეფციისთვის. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა არის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის სწორედ ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფეხბურთო პირამიდის საყრდენი სწორედ მასობრივი ფეხბურთია და სწორედ ამ საფეხურიდან უნდა დავიწყოთ განვითარება. UEFA-ს ჯილდო დასტურია იმისა, რომ პროექტი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფეხბურთის განვითარებაში“, - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ. "უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი სიამოვნებით მონაწილეობს. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მოხარული ვარ, რომ პროექტმა UEFA-ს აღიარება მოიპოვა. UEFA-ს ჯილდო ნათელი დასტურია იმისა, რომ პროექტი სწორი გზით ვითარდება და საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს", - განაცხადა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ.

სხვა სტატიები