Belive

მორატა: ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც რეალი და ატლეტიკო 2-ჯერ დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ალვარო მორატა ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელია: ესპანელი პირველი მოთამაშეა ისტორიაში, რომელმაც მადრიდული გრანდები, "რეალი" და "ატლეტიკო" კარიერის განმავლობაში 2-ჯერ დატოვა. 27 წლის ესპანელი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2014-2016 წლებში იცავდა და შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ტურინში გაატარა. სწორედ "იუვენტუსი" იყო ერთადერთი გუნდი მის კარიერაში, სადაც მორატა ძირითადის უცვლელ წევრად ითვლებოდა.

როდის დატოვა პირველად მორატამ "ატლეტიკო?"

ესპანელი ფორვარდი "ატლეტიკოს" აკადემიაში მაშინ თამაშობდა, როდესაც ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო. "ატლეტიკოს" იმდროინდელი სპორტული დირექტორის, ხოსე მარია ამორორტუს თქმით, მორატა უკეთესი შანსების ძიების პროცესში, "ხეტაფეში" გადავიდა, რადგან "როხიბლანკოში" თავს დაფასებულად არ გრძნობდა.
16007913114486

გზა რეალისა და იუვენტუსისკენ

"ხეტაფეში" წარმატებულად ასპარეზობის შედეგად, მორატამ "რეალის" ყურადღება მიიპყრო. "სამეფო კლუბმა" მორატა 18-წლამდელთა გუნდში გადაიყვანა, მოგვიანებით კი, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ძირითად გუნდში მისი დებიუტიც შედგა (2012). 2013 წელს, მოურინიო კარლო ანჩელოტიმ ჩაანაცვლა, მორატას კი მოედანზე თამაშის ნაცვლად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევდა. შედეგად, ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი "იუვენტუსში" გადავიდა და როგორც მოგახსენეთ, გუნდის უცვლელი წევრი გახდა.

უკან რეალში და გადასვლა ნისლიან ალბიონზე

ზიდანმა მორატა გუნდში დააბრუნა და მას საკმაოდ დიდი ნდობა გამოუცხადა. 43 მატჩში გატანილი 20 გოლი ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბენზემასა და რონალდუს ფონზე, ესპანელი კვლავ ჩრდილში იყო და მოედანზე ძირითადად სათადარიგო სკამიდან შემოდიოდა. მორატასთვის, "რეალში" დაბრუნება უშედეგო მცდელობა აღმოჩნდა. გუნდიდან წასვლამდე, მან ასეთი სიტყვები თქვა: "რეალში მესამედ არ დავბრუნდები. გუნდს ვტოვებ იმისთვის, რომ თავი ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო". მორატა "ჩელსიში" გადავიდა, მადრიდულმა გრანდმა კი, მის სანაცვლოდ, €66 მილიონი ევრო მიიღო.

უკან, ატლეტიკოში

წელიწად-ნახევარში "ჩელსიში" მორატამ 72 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 24 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. მოულოდნელად, მორატა იჯარის წესით "ატლეტიკოში" აღმოჩნდა და საბოლოოდ, მიმდინარე წლის ივლისში, "ატლეტიკომ" მისი კონტრაქტი გამოისყიდა კიდეც. თუმცა, კიდევ უფრო მოულოდნელი იყო მორატას აღმოჩენა "იუვენტუსში": 2020 წლის 1 ივლისს, "ატლეტიკომ" "ჩელსის" ესპანელის სანაცვლოდ €56 მილიონი გადაუხადა, 22 სექტემბერს კი, "იუვენტუსმა" მორატა იჯარის წესით €10 მილიონად დაიმატა. საერთო ჯამში, რა ხდება მორატასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარია: ესპანელი მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, მისით ტოპ გუნდები ინტერესდებიან, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში, ის არსად ჩერდება. მისი კარიერის ფონზე, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ "იუვენტუსი" მისი საბოლოო გაჩერება არ იქნება და ნიკოლა ანელკას მსგავსად, მორატას წინ ხანგრძლივი მოგზაურობა ელოდება.

სხვა სტატიები