Belive

მოულოდნელი ტრანსფერი | რატომ გაუშვა სიტიმ კანსელუ?

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ

ჟოაუ კანსელუს "მანჩესტერ სიტიდან" "ბაიერნში" იჯარის წესით გადაბარგება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ელვის სისწრაფით განვითარებულმა ამბავმა გულშემატკივარში ბევრი კითხვა გააჩინა და თუ ყველა მათგანს გავაერთიანებთ, შეგვიძლია ერთი და მთავარი საკითხი გავარკვიოთ: რატომ შეელია გვარდიოლას გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველს ასე მოულოდნელად და უცერემონიოდ?

ფაქტი ერთია - გვარდიოლა თვლის, რომ ამ მომენტში, კანსელუს ადგილი გუნდში არაა და რომ "მანჩესტერ სიტი" სეზონის მეორე ნაწილს მის გარეშე უკეთესად ჩაატარებს. ბრიტანულ მედიაში იწერება, რომ პრობლემა არა კანსელუს საფეხბურთო შესაძლებლობებში, არამედ პირად ურთიერთობებში იმალება.

5 იანვარი, ჩელსისთან გასვლითი მატჩი

პორტუგალიელს ემოციების მოთოკვა უჭირს - არ უყვარს, როდესაც არ ათამაშებენ და ამას ღიად, ხმამაღლა აფიქსირებს. ცნობილია, რომ იმავე მიზეზით, "ბარსელონაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, The Athletic წერს, რომ კანსელუ "ვულკანს წააგავს", რომელიც მაშინ ამოიფქრვევა, როდესაც მას სკამზე ტოვებენ. პრობლემა ჰქონდა პორტუგალიის ყოფილ მწვრთნელთან, ფერნანდუ სანტუშთან, რომელმაც შვეიცარიასთან მატჩში კანსელუ სკამზე დატოვა.

კატარიდან იმედგაცრუებული დაბრუნდა. კაილ უოლკერისა და ფილ ფოდენის მსგავსად, სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა. ლონდონის "ჩელსისთან" მატჩი იყო პირველი, სადაც მას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნდა ეთამაშა და ძირითადში დაიწყო კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში, პეპმა იგი სკამზე დასვა.

წყარო ამბობს, რომ კანსელუ გაცეცხლებული იყო.

11 იანვარი, საუთჰემპტონთან გასვლითი მატჩი

რამდენიმე დღის შემდეგ, კანსელუ მოედანზე კვლავ "ჩელსისთან" შეხვედრაში ვიხილეთ. ამჯერად, მოედანზე მან 32 წუთი გაატარა, რასაც მისი გუნება-განწყობილება უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეუცვლია.

სიტუაციის გამოსასწორებლად, გვარდიოლასგან შანსი მიიღო და ჯერ "საუთჰემპტონთან", შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედთან", 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. ამ ორ მატჩში, "სიტიმ" 4 გოლი გაუშვა და ორივეში დამარცხდა, კანსელუ კი მოედანზე არადამაჯერებლად მოქმედებდა (განსაკუთრებით "საუთჰემპტონთან" მატჩში).

19 და 22 იანვარი, შეხვედრა "ტოტენჰემთან" და "ვულვზთან"

"ტოტენჰემთან" შეხვედრის შემდეგ, ყველასთვის ყველაფერი ცნობილი იყო. კანსელუმ თანაგუნდელებთან პირდაპირ გაამხილა თავისი ემოციები, პეპმა მისი ადგილი 18 წლის რიკო ლუისს ანდო.

სამწვრთნელო შტაბი კანსელუს საკითხზე ბევრს ფიქრობდა, რადგან პორტუგალიელის ემოციები გავლენას გუნდზეც ახდენდა. გვარდიოლას მმართველობაში, არავინ დგას გუნდზე მაღლა, ლიდერებიც კი.

GettyImages-1162120176-2048x1365-1

იგივე რამ მოხდა "ვულვზთან" თამაშის დღეს: "ეტიჰედზე" მისვლისთანავე, კანსელუმ ავტობუსიდან პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. რიკო ლუისი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იდგა და იგი ნიდერლანდელმა აკემ შეცვალა - ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე ცენტრალური მცველებისა და კანსელუს შემცვლელად თამაშობდა.

27 იანვარი, არსენალთან საშინაო მატჩი

გვარდიოლას არაერთხელ უთქვამს, რომ კანსელუს ფეხბურთის თამაში ბავშვურად უყვარს - ისევე, როგორც ფილ ფოდენს, რომელიც ბურთის გარეშე 1 დღესაც არ ატარებს. 2022 წლის 1 იანვარს, პორტუგალიელმა "არსენალთან" იარით ითამაშა - წინა ღამით, მის ოჯახს თავს 4 მძარცველი დაესხა თავს.

კანსელუ ძლიერი, თუმცა რთული პიროვნებაა. ბევრი რამ აქვს გადალახული, მათ შორის დეპრესიის ფონზე სრული დემოტივაცია, რაც დედის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ განიცადა.

"მინდოდა, შემექმნა ისეთი ცხოვრება, რომელიც მას უკეთეს მომავალს შეუქმნიდა – ისეთს, სადაც მას მუშაობა აღარ მოუწევდა. დედის გარდაცვლების შემდეგ, რობოტივით ვიქცეოდი – უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მივდიოდი სავარჯიშოდ, ვბრუნდებოდი სახლში, შემდეგ კი მორიგი დღე თენდებოდა. ფეხბურთით სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, ეს მოვალეობად გადაიქცა. საერთოდაც, ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი. დროთა განმავლობაში, ფეხბურთი ისევ შემიყვარდა, სახეზე კი ღიმილი დამეტყო. ცხოვრება ასეთია – როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი დანაკარგი, ჩვენ კვლავ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ", - თქვა კანსელუმ Champions Journal-თან საუბრისას.

ლონდონის "არსენალთან" შეხვედრა მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა: მწვრთნელმა კიდევ ერთხელ არ ათამაშა, კომენტარში კი პორტუგალიელი ხაზგასმით, "ბატონი კანსელუთი" მოიხსენია. ამის შემდეგ, კანსელუმ ტაქტიკურ შეხვედრას ყურადღება არ დაუთმო და არც მწვრთნელების ინსტრუქციები მოუსმენია.

28 იანვარს, პორტუგალიელის Instagram-ზე ე.წ. "სთორი" გამოქვეყნდა, წარწერით: "არავის მისცე უფლება, ჩაგაქროს".

პეპმა და კანსელუმ ერთად გადაწყვიტეს, რომ ამ უკანსკნელის გუნდიდან წასვლა ორივე მხარისთვის სარგებლიანი იქნებოდა. სწორედ ამ დროს, ასპარეზზე "ბაიერნი" გამოჩნდა, რომელმაც, იჯარის წესით, სეზონის შუაგულში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი უფასოდ დაიმატა.

რამდენად მტკივნეული იქნება "სიტისთვის" პორტუგალიელის წასვლა, დრო აჩვენებს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში, გვარდიოლას მარცხენა ფლანგზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავდა - კანსელუ და ოლეკსანდრ ზინჩენკო, ახლა კი პოზიციის შევსება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული.

სხვა სტატიები