Belive

მოურინიო კლოპს: "საუკეთესო გუნდი დამარცხდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ორი ლიდერი "ლივერპული" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით გამოირჩეოდა, საფინალო ანგარიში კი "მერსისაიდელების" სასარგებლოდ - 2:1 დაფიქსირდა. ძირითადი დროის 90-ე წუთზე ბობი ფირმინომ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი შესანიშნავი სიზუსტით გადაგზავნა ლორისის კარში და მატჩისმომგები გოლის ავტორიც გახდა. "ლივერპულისა" და "ტოტენჰემის" მატჩის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო იურგენ კლოპს სტანდარტულზე ცოტა მეტი დროით გამოელაპარაკა, რამაც ჟურნალისტების ინტერესი გამოიწვია თუ რაზე საუბრობდნენ საფეხბურთო სპეციალისტები.
"იურგენს ვუთხარი, რომ აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო გუნდი დამარცხდა და მან ეს ყოველივე უარყო", - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დეზების" თავკაცმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ჟოზემ ასევე განაცხადა, რომ კლოპი მწვრთნელებისათვის გამოყოფილ ზონას ცდებოდა და არაადეკვატურად იქცეოდა.
"კლოპი მწვრთნელებისთვის დაწესებულ ზონას ცდებოდა, იქცეოდა არაადეკვატურად, ასეთ შემთხვევაში მე მსაჯები გამაძევედნენ, ან მინიმუმ გაფრთხილებას მომცემდნენ, თუმცა მის შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა", - აცხადებს მოურინიო.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი როგორც წესი უმეტეს შემთხვევებში მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მსგავს პრეტენზიას აყენებს, მაშინ, როდესაც თავად ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული ქმედებებით გამოირჩევა შეხვედრის მიმდინარეობის დროს. იურგენ კლოპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავსი პრეტენზია მოურინიოს მასთან საუბრისას არ წამოუყენებია.
"ჩემთვის მსგავსი რამ მოურინიოს არ უთქვამს. მან მხოლოდ ის მითხრა, რომ უკეთესი გუნდი დამარცხდა. ვფიქრობ, რომ კონტრშეტევებზე მოთამაშე მონსტრის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ. გოლი გაგვიტანეს და ორი შანსი შექმნეს, მაგრამ ამის მიღმა, მატჩს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით, შესაბამისად 3 ქულა დავიმსახურეთ.", - აცხადებს კლოპი.
ამ გამარჯვებით "ლივერპული" პრემიერ ლიგის სათავეში 3-ქულიანი უპირატესობით მოექცა, "მერსისაიდელებს" 13 ტურის შემდეგ 28 ქულა მოუგროვდათ, მთავარ მდევარს "ტოტენჰემს" კი 25 ქულა აქვს.

სხვა სტატიები