Belive

მოურინიო: "სონისა და ლორისის ჩხუბი სასიამოვნო სანახაობა იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში "ტოტენჰემი" "ევერტონს" დაუპირისპირდა. ლონდონში, "ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში გასვლის დროს, "ტოტენჰემის" ორ ვარსკვლავს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უგო ლორისი და სონი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ, მათი გაშველება კი თანაგუნდელებმა შეძლეს. მომხდარ ინციდენტს ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სონისა და ლორისის ჩხუბი სასიამოვნო სანახაობა იყო. "სპურსის" მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, ფეხბურთელების დაპირისპირება გუნდში არსებულ სულისკვეთებასა და საბრძოლო შემართებაზე მეტყველებს.
"შესაძლოა ეს ყველაფერი ჩვენი შეხვედრის გამოძახილი იყოს. დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. ფეხბურთელებთან საკმაოდ მკაცრი საუბარი მქონდა და მათ განვუცხადე, რომ საკუთარი თავებისგან და თანაგუნდელებისგან არაფერს ითხოვენ, ერთმანეთის მიმართ კრიტიკულები არ არიან და ეს მიუღებელია. ფეხბურთელებს მოვუწოდე, რომ თანაგუნდელებს მეტი მოსთხოვონ და შენიშვნა მისცენ. ამგვარი ზეწოლა გუნდის სულისკვეთებას აამაღლებს და ყველას ტონუსში ამყოფებს, რათა თითოეულმა მათგანმა გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა - სონი ყველას გვიყვარს, ის ძალიან ბევრს შრომობს და გუნდური მოთამაშეა. კაპიტანმა - უგო ლორისმა ჩათვალა რომ სონს გაცილებით უფრო მეტი აქტიურობა მართებდა და შენიშვნა მისცა. ერთმანეთში რამდენიმე უხამსი სიტყვა გაცვალეს. ფიზიკური დაპირისპირება არ დამინახავს. მომხდარით უზომოდ კმაყოფილი ვარ. შესვენებაზე ორივე მათგანს ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ჩემთვის ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე, ზრუნავენ გუნდზე და გასულ ტურში "შეფილდთან" განცდილი მარცხის გამო, ორივე მათგანი იმედგაცრუებულია", - აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.
 

სხვა სტატიები