Belive

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე თასმების შეკვრისთვის პელემ $120,000 მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

82 წლის ასაკში ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა.

ის ერთადერთია, რომელსაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული და ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ პელე მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბრაზილიელს დიდი წვლილი მიუძღვის ფეხბურთის პოპულარიზაციაში. ის მუდამ დარჩება ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ, რომელსაც მწვანე მინდორზე ბურთი გაუგორებია.

ბუნებრივია, რომ პელე თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლოდა და ყველა სფეროსთვის ძალიან "სასურველი" პიროვნება იყო. "ადიდასსა" და "პუმას" დიდი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული იმისათვის, რომ სპორტსმენი ხელში ჩაეგდოთ და მათი პროდუქცია გაეპიარებინათ. ეს ყველაფერი "პუმამ" მოახერხა და მთელი კარიერის განმავლობაში მათ პროდუქციას არეკლამებდა.

საინტერესოა, რომ თავიდან ამ ორ კომპანიას შორის დაიდო პატქი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ არცერთს არ უნდა ეცადა პელესთან კავშირის დამყარება და მათ მხარეს გადმობირება. თუმცა, "პუმამ" ეს შეთანხმება 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატზე დაარღვია და პელეს უზარმაზარი თანხა გადაუხადა იმისათვის, რომ პერუსთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში მათი ბუცით ეთამაშა.

მათ გენიალური მარკეტინგული გეგმა შეიმუშავეს. ბრაზილიელ ფეხბურთელს უთხრეს, რომ მატჩის დაწყებამდე მოედნის ცენტრში შეეკრა თასმები და ამას მილიონობით ადამიანი ნახავდა. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი კადრში მოხვედრილიყო "პუმას" წარმომადგენლებს ოპერატორისთვის თანხის გადახდა მოუწიათ. ამ ყველაფრის შესრულებისთვის პელემ, იმ დროისათვის კოლოსალური თანხა, $120,000 მიიღო.

resize

ეს მატჩი ბრაზილიამ 4:2 მოიგო და ფინალამდეც გააღწია, სადაც პელემ მისი სარეკორდო მესამე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები