Belive

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი | რა სისტემით გაიმართება და ვინ იქნება იტალიის შესაძლო მეტოქე

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის ესაკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის მატჩები პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის 12 ევროპული ნაკრები იბრძოლებს, თუმცა მხოლოდ 3 მათგანი შეძლებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას. ჩრდილოეთ ირლანდია იტალიას დაუზავდა, შვეიცარიამ კი ბულგარეთი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტო მანჩინის გაწვრთნილი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში იასპარეზებს.

რა პრინციპით გაიმართება პლეი-ოფის მატჩები?

ევროპის ზონის პლეი-ოფში 12 ნაკრები იასპარეზებს, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის 10 მეორეადგილოსანი. დარჩენილი ორი საგზური 2020/21 წლების სეზონის ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულ 2 ნაკრებს გადაეცემა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო ორეულს მიღმა აღმოჩნდა. 12 ევროპული ნაკრები სამ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ჯგუფში ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართება. 3 გამარჯვებული 10 საუკეთესო ევროპულ ნაკრებს შეუერთდება და მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ღირსებას დაიცავს.

როდის შედგება კენჭისყრა და გაიმართება მატჩები?

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის კენჭისყრა, 26 ნოემბერს, ციურიხში შედგება. ნახევარფინალური მატჩები 2022 წლის 24-25 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალური დაპირისპირებები 2022 წლის 28-29 მარტს შედგება.

ვინ არის იტალიის შესაძლო მეტოქე?

საუკეთესო 6 მეორეადგილოსანი განთესილია, დარჩენილი 6 საგზურის მფლობელი საბოლოოდ 16 ნოემბერს გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ჯგუფში ორი განთესილი ნაკრები იასპარეზებს. ჯგუფში განთესილი ორი ნაკრები ერთმანეთს ნახევარფინალში არ დაუპირისპირდება. კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთი, იტალიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა პორტუგალია და შვედეთი იტალიის მსგავსად განთესილთა შორის არიან და "აძურის" ნახევარფინალში ვერ დაუპირისპირდებიან. D-ჯგუფში საფრანგეთმა პირველი ადგილი გაინაღდა. ქვეჯგუფში მეორე ადგილი შესაძლოა ფინეთმა ან უკრაინამ დაიკავოს. E-ჯგუფში პირველი ადგილი ბელგიამ დაიკავა. იტალია შესაძლოა უელსს ან ჩეხეთს დაუპირისპირდეს. პლეი-ოფში ორივე ნაკრები იასპარეზებს (უელსი,ჩეხეთი) რადგან ისინი ერთა ლიგის საუკეთესოებს შორის არიან. G-ჯგუფში შედარებით რთული ვითარებაა. ნიდერლანდები, თურქეთი ან ნორვეგია - ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი სამივე ნაკრებს აქვს. H-ჯგუფში მეორე ადგილი რუსეთმა დაიკავა. ჩრდილოეთ მაკედონია (J-ჯგუფი), შოტლანდია (F-ჯგუფი) და პოლონეთი (I-ჯგუფი) პლეი-ოფში იასპარეზებენ. პლეი-ოფის საგზური ერგო ავსტრიას, რომელიც ასევე ერთა ლიგის საუკეთესოებს შორის აღმოჩნდა. პლეი-ოფში განთესილი 6 ნაკრები: პორტუგალია, იტალია, შვედეთი, შოტლანდია, რუსეთი და ერთ-ერთი პოლონეთსა და უელსს შორის.

სხვა სტატიები