Belive

მსოფლიოში ცნობილი ბარსელონას ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რამონ კუგატი სპორტული მედიცინის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. "ბარსელონას" ექიმი, რომელთან სამკურნალოდაც ფეხბურთელები უკვე მსოფლიოს სხვადსხვა წერტილიდან და წამყვანი კლუბებიდან დადიან, ქართველი კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ წერილს აქვეყნებს. ქართველი ექიმი ცხინვალში, ე.წ. საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის რუსმა ოკუპანტებმა 12 დღის წინ დააკავეს და დღემდე პატიმრობაში რჩება. ქართველი მედიკოსის მხარდასაჭერად, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარების გასაწევად იმყოფებოდა, რამონ კუგატი ესპანელ კოლეგა მონსერატ გარსია ბალეტბოსთან ერთად წერილს აქვეყნებს: "ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამით ჩამოვიდა. ის კეთილი და გულისხმიერი ადამიანია, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ დახმარების მისი სურვილი კი პატივისცემას იმსახურებს. როგორც ვიცით, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში წასვლისას პოლიტიკური მოტივი არ ამოძრავებდა და მისი ერთადერთი მიზანი პროფესიული საქმიანობა იყო. მივმართავთ შესაბამის პირებს, გთხოვთ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ, გაითვალისწინოთ ჩვენი კოლეგის, მისი ოჯახისა და მეგობრების მძიმე მდგომარეობა და რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოთ. თუ არსებობს რამე შესაძლებლობა, რომლითაც პროცესის დაჩქარებას შეგვიძლია დავეხმაროთ, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ. იმ დროის განმავლობაში, როცა ვაჟასთან ერთად ვმუშაობდით, ის თავის პაციენტებზე თავდაუზოგავად მუშაობდა".-წერენ ესპანელი ექიმები.  

სხვა სტატიები