Belive

მჭედლიძემ სადებიუტო გოლით საჩემპიონო რბოლა "პენალტების სერიად" აქცია 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ჩემპიონატს ისეთი დასასრული გამოსდის, ტოპ ჩემპიონატებს რომ ეკადრება. გადამწყვეტ ფაზაში ორი საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი ბათუმის და თბილისის "დინამო" ერთმანეთს სეზონის ერთ-ერთ ურთულეს მატჩში დაუპირისპირდა, ფრე ითამაშა და ქულები გაიყო. 30-ე ტურის შეხვედრის დაწყების წინ, ჯოჯოხეთური ამინდის, ტრავმირებული ლიდერებისა და მასპინძელი გულშემატკივრის შესანიშნავი ატმოსფეროს გამო, ბათუმურ კლუბს მეტოქესთან შედარებით გამარჯვების უკეთესი შანსი ჰქონდა. შავიზღვისპირელებმა უპირატესობა გამოიყენეს და პირველ ტაიმში მეტოქეს სრულფასოვნად აჯობეს. ბათუმელებმა მეტოქის კართან სახიფათო ეპიზოდები შექმნეს და კარში ზუსტად და ძლიერად დარტყმაც მოახერხეს, თუმცა ხოსე პერალესმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა გოლად აქციეს - 53-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა პენალტი ზუსტად დაარტყა და გია გეგუჩაძის გუნდი დააწინაურა. ძლიერი წვიმის მატებასთან ერთად, კომბინირებული ფეხბურთის თამაში და ტაქტიკური მონახაზების განხორციელება უფრო რთული ხდებოდა. ამის მიუხედავად, თბილისელები არ დანებებულან და შეტევებსაც მოუხშირეს, რამაც შედეგიც გამოიღო. 83-ზე, ცვლილებაზე შემოსულმა, "დინამოს" გამოცდილმა ახალწვეულმა ლევან მჭედლიძემ საჯარიმოში კაპლიენკოს ჩაწოდების შემდეგ, პოზიცია ზუსტად შეარჩია ერთი შეხებით ბურთი ალავიძის კარში გაგზავნა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. ძალზედ დაძაბულ დარჩენილ წუთებში რეალური მომენტები ვერცერთმა გუნდმა გამოიყენა და საბოლოოდ ფრე - 1:1. ეს ხელს ბათუმელებს აძლევს, რომლებიც ურთიერთშეხვედრების უკეთესი ბალანსით პირველ პოზიციას იკავებენ. დარჩენილი 6 ტური პენალტების სერიას ჰგავს, სადაც ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმის დაგროვება მოეთხოვება, თბილისელებს კი აჭარელებისგან ფეხის დაცდენა სჭირდება.

სხვა სტატიები