Belive

მთავარი მწვრთნელები, რომლებმაც ბოლო დეკადის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
წლების მანძილზე ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, გახდა ბევრად ძალისმიერი, ვიდრე ადრე იყო, მწვრთნელები ადგენენ ახალ, განსხვავებულ სათამაშო სქემებს და ტაქტიკებს. მოთამაშეებს თანამედროვე ფეხბურთში რამდენიმე პოზიციაზე თამაში მოეთხოვებათ, მაგალითად, ამპლუით მარჯვენა მცველი ერთ დღეს შეიძლება ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე მოგვევლინოს, მეორე დღეს კი ცენტრალურ მცველად. მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, არაფერი არ შეცვლილა ისე, როგორც სატრანსფერო ბაზარი. სატრანსფერო ბაზარი განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე შეიცვალა. თავის დროზე ზინედინ ზიდანის სატრანსფერო ღირებულება 48 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, დღეს კი ვხედავთ, რომ ჰარი მაგუაიერის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედს" 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი უჯდება. სატრანსფერო ბაზარი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო, დღეს ვხედავთ, რომ კლუბები საშუალო დონის მოთამაშეებშიც კი სასაცილოდ დიდ თანხებს იხდიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგული კლუბი "პსჟ" საბაზრო რყევების ავანგარდში იყო. ფრანგულმა კლუბმა 2017 წელს ნეიმარის სანაცვლოდ 200 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, ხოლო სულ რაღაც ერთ წელიწადში 165,7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღო კილიან მბაპეს სანაცვლოდ. გასაკვირი არაა, რომ ფინანსური შეზღუდვები სულ უფრო მკაცრდება. ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, რომელმა სპეციალისტებმა დახარჯეს ყველაზე დიდი თანხები ბოლო ათწლეულის განმავლობაში. გთავაზობთ Transfermarkt-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილ ჩამონათვალს: 10. იურგენ კლოპი - ლივერპული დახარჯული თახა - 624.67 მილიონი ფუნტი სტერლინგი ცვლილებები, რომლებიც კლოპმა "ლივერპულში" მოახდინა, უბრალოდ გასაოცარია. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდს ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოაგებინა, ამასთან კლოპის ხელმძღვანელობით "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. თუმცა, კლოპმა ტრანსფერებზე საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა. მისი ორი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ვირჯილ ვან დაიკისა და ალისონის შეძენა იყო.
9. მანუელ პელეგრინი - ბეტისი დახარჯული თანხა - 692.10 მილიონი ფუნტი სტერლინგი პელეგრინი ისეთ გუნდებს ედგა სათავეში, როგორებიც "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან. სწორედ მანუელ პელეგრინის "რეალში" ყოფნის დროს შეიძინა სამეფო კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად.
8. ერნესტო ვალვერდე - გუნდის გარეშე დახარჯული თანხა - 731.93 მილიონი ფუნტი სტერლინგი კატალონიური კლუბის ფინანსური საქმიანობა ბოლო წლებში ნამდვილად იწვევდა კითხვებს და უკმაყოფილებას. სწორედ ვალვერდეს დროს მოვიდნენ კლუბში ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე, ორივეში 100 მილიონზე მეტი იქნა გადახდილი.
7. უნაი ემერი - ვილიარეალი დახარჯული თანხა - 742.64 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნაი ემერი "პსჟ"-სა და არსენალში მუშაობდა, რა დროსაც, როგორც ჩანს საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა მოასწრო. ახლა კი "ვილიარეალის" მთავარი მწვრთნელია.
6. ანტონიო კონტე - ინტერი დახარჯული თანხა - 834.48 მილიონი ფუნტი სტერლინგი იტალიელ სპეციალისტს თავის შეზღუდვა ნამდვილად არ სჩვევია.
5. დიეგო სიმეონე - მადრიდის ატლეტიკო დახარჯული თანხა - 875.63 მილიონი ფუნტი სტერლინგი "ატლეტიკო" ნამდვილად არგენტინელი სპეციალისტის მიერ შექმნილი გუნდია, თუმცა გუნდის შენების პროცესში სიმეონემ საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა. სიმეონემ 113 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა ჟოაო ფელიქსის სანაცვლოდ.
4. მაქსიმილიანო ალეგრი - გუნდის გარეშე დახარჯული თანხა - 924.90 მილიონი ფუნტი სტერლინგი როგორც ხედავთ, ალეგრიმ "იუვენტუსში" მუშაობის დროს საოცრად დიდი თანხები დახარჯა, მისი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი კი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომლის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა 99 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.
3. კარლო ანჩელოტი - ევერტონი დახარჯული თანხა - 939.48 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ამჟამად "ევერტონს" წვრთნის, თუმცა მანამდე მან ისეთ გუნდებში იმუშავა როგორებიცაა: "მილანი", "ჩელსი", "რეალი" და "ბაიერნი". მისი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გარეთ ბეილის რეალში მოყვანა იყო 90 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ.
2. ჟოზე მოურინიო - ტოტენჰემი დახარჯული თანხა - 1.04 მილიარდი ფუნტი სტერლინგი პორტუგალიელი სპეციალისტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბებში მუშაობდა, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩამონათვალში ის მე-2 ადგილს იკავებს.
1. პეპ გუარდიოლა - მანჩესტერ სიტი დახარჯული თანხა - 1.14 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გასაკვირი არაა, რომ პეპი ჩამონათვალის სათავეშია, ბოლო 4 წლის განმავლობაში მან 408 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა მხოლოდ მცველებში. გუარდიოლას ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი რუბენ დიაში გახდა, რომლის სანაცვლოდაც "მანჩესტერ სიტიმ" "ბენფიკას" 65 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა.

სატრანსფერო ღირებულებები მართლაც საოცრადაა გაზრდილი და, როგორც ხედავთ, წამყვანი კლუბები თანხების ხარჯვას არ ერიდებიან.

სხვა სტატიები