Belive

მწვანე ბალეტი | როგორ დაიპყრო ფერენცვაროშმა სამხრეთ ამერიკა 1929 წელს

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
"იუვენტუსთან", "ბარსელონასთან" და "დინამო კიევთან" უშედეგო ბრძოლის მიუხედავად, საუკუნის მეოთხედზე მეტი პაუზის შემდეგ, "ფერენცვაროშის" ელიტაში დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ხილვა, მაინც დიდ ინტერესს იწვევდა. უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და გამორჩეული გრანდი, რომელიც 1960-იან წლებში ფლორიან ალბერტთან ერთად მწვერვალებს იპყრობდა, 1929 წელს მოწყობილი სამხრეთ ამერიკული ტურნეს შემდეგ, ატლანტის ოკეანის გაღმა მცხოვრებ ფეხბურთის გულშემატკივრებს შესანიშნავად ახსოვთ. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპული საფეხბურთო კლუბები სამხრეთ ამერიკულ ტურნეებს ხშირად აწყობდნენ. სან პაულო, რიო დე ჟანეირო, მონტევიდეო და ბუენოს აირესო - არაერთი ევროპული კლუბის მასპინძელი ქალაქები გახდნენ. ათწლეულის მანძილზე, ევროპული კლუბების ტურნე წარუმატებლად ფასდებოდა - ადგილობრივთათვის რაიმე ახალის შესწავლისა და პუბლიკის აღტაცებაში მოყვანის თვალსაზრისით, ევროპული კლუბები კრიტიკას ვერ უძლებდნენ. ბრიტანელი "ტურისტები" - "ლანარკი", "მოზერველი" და "ჩელსი" მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში იყვნენ გახვეული. ესპანური გრანდები - "რეალი", "ბარსელონა" და "ესპანიოლი" სამხრეთ ამერიკელთათვის ასევე იმედგაცრუებად იქცნენ. 1924 წელს, არგენტინული გამოცემა La Argentina ქვეყანაში "პლიმუთის" ვიზიტს შემდეგი პუბლიკაციით ეხმაურება: "გასულ ვიზიტებთან შედარებით, ახალი ვერაფერი შემოგვთავაზეს." მოგვიანებით კრიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა და "პლიმუთი" მოიხსენიეს, როგორც: "ყველაზე სუსტი პროფესიონალური კლუბი, რომელიც სამხრეთ ამერიკას ესტუმრა." 5-წლის შემდეგ, არგენტინაში "ჩელსის" ტურნეს River Plate Magazine იდენტური პუბლიკაციით გამოეხმაურა: "არგენტინულმა ფეხბურთმა განვითარების მაქსიმუმს მიაღწია. ჩვენი ფეხბურთელების ტექნიკისა და სათამაშო მეთოდების ევროპელ პროფესიონალებთან შედარება აბსურდია."

ფერენცვაროში: მოულოდნელი მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში

"ფერენცვაროშის" 14-მატჩიანმა ტურნემ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. უნგრული კლუბის ვიზიტმა, ტრანსნაციონალური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, საინტერესო პრეცენდენტი შექმნა: რიო დელა პლატასა და დუნაისპირელთა შორის, საფეხბურთო იდეები გაიცვალა. ბუდაპეშტური კლუბი სამხრეთ ამერიკაში ბრწყინვალე რეპუტაციით ჩავიდა - 1929 წლის უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ჩემპიონი ხდებოდა და კლუბი, რომელმაც 1928 წელს, Mitropa Cup-ი ფინალში ვენის "რაპიდი" 7:1 გაანადგურა. "ფერენცვაროშს" ისტვან ტოტი წვრთნიდა, კლუბში ასპარეზობდნენ ისეთი ლეგენდები, როგორიცაა: იოზეფ ტაკაში, გაბორ ობიცი და მარტინ ბუკოვი. სამივე მათგანი დუნაისპირეთის საფეხბურთო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლები იყვნენ.
stmirren

"ფერენცვაროშის" პირველი ნავსაყუდელი ქალაქი სან პაულო გახდათ, სადაც უნგრელებმა ადგილობრივი საუკეთესო თერთმეტეული, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და რიო დე ჟანეიროში გადაინაცვლეს. რიო დე ჟანეიროში "ფერენცვაროშმა" 4-მატჩი გამართა. რეზულტატის თვალსაზრისით, მატჩები ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. "ფერენცვაროში" "ამერიკას" დაუზავდა (1:1) და რიო დე ჟანეიროს საუკეთესო თერთმეტეულთანაც საყაიმო ანგარიში (3:3) დააფიქსირა. "ფერენცვაროში" ნაციონალურ გუნდთან, ანგარიშით 2:0 დამარცხდა და გამანადგურებელი ანგარიშით, (5:2) დამარცხდა გუნდთან სახელად "პალესტრა იტალია" (დღეისათვის ცნობილი, როგორც "პალმეირასი"). წარუმატებელი 4-მატჩიანი სერიის მიუხედავად, "ფერენცვაროშს" ბრაზილიაში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. აღსანიშნავია, რომ უნგრული კლუბის პირველ თამაშს 50.000 გულშემატკივარი დაესწრო. ადგილობრივი პრესა Jornal do Brasil "ფერენცვაროშის" ვიზიტს შემდეგი პუბლიკაციით გამოეხმაურა: "საუკეთესო გუნდი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ბრაზილიას ესტუმრა. საუცხოო ტექნიკა და იდეალური მოკლე პასებით, გუნდური თამაშის ბრწყინვალე დემონსტრირება." ატლანტის სანაპიროდან რიო დელა პლატაზე მოხვედრის შემდეგ, "ფერენცვაროშის" ავტორიტეტი და ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1920-იან წლებში, დუნაისპირეთის ფეხბურთის განვითარებას, არგენტინული პრესა დიდ ყურადღებას უთმობდა. გაზეთ La Nación-ის კორესპონდენტი - ადოლფო ენგელსი, მკითხველს ცენტრალურ ევროპაში არსებული საფეხბურთო სიტუაციის შესახებ, ინფორმაციას მუდმივად აწვდიდა.

ფერენცვაროში არგენტინაში

ბრაზილიაში წარმატებული ვოიაჟის მიუხედავად, "ფერენცვაროშის" ბუენოს აირესში ვიზიტს ნაკლები გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა. "რივერ პლეიტის" წინააღმდეგ გამართულ მატჩს მხოლოდ 5.000 გულშემატკივარი დაესწრო. La Nación-მა აღნიშნულ მოვლენას "ინტერესს მიღმა უსამართლოდ დარჩენილები" უწოდა. სკეპტიკოსების გაწბილება უნგრელებმა მალევე შეძლეს. "ფერენცვაროშმა" "რივერ პლეიტი" ანგარიშით 4:3 დაამარცხა და შემტევი ფეხბურთის ბრწყინვალე დემონსტრირება მოახდინა. La Nación-მა აღნიშნა: "ძლევამოსილი მეტოქის დამარცხებით, "ფერენცვაროშმა" პუბლიკა აღაფრთოვანა და გამარჯვება მოიპოვა." კიდევ ერთი გაზეთი La Argentina აღნიშნავს: "უნგრულმა კლუბმა შესანიშნავად წარმოაჩინა, მაღალი კლასის თამაში, რომლითაც ცენტრალურ ევროპაშია ცნობილი." რიო დე ლა პლატას გადაკვეთა და ურუგვაიში გამართული მატჩი უნგრელების მარცხით დასრულდა. "ფერენცვაროში" ურუგვაის ჩემპიონ "პენიაროლთან" 1:2 დამარცხდა. აღნიშნული დაპირისპირების მთავარი არბიტრი ადგილობრივი კლუბის წარმომადგენელი იყო და მისმა ქმედებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამარჯვებულის მენტალიტეტი უნგრელებმა კვლავ არგენტინაში დაბრუნების შემდეგ დაიბრუნეს. "ფერენცვაროშმა" 20-წუთიან ინტერვალში იოზეფ ტურაის მიერ გატანილი ორი გოლის წყალობით, "რასინგი" 2:1 დაამარცხა.

10 აგვისტოს, "ფერენცვაროში" არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდა. მწვანე და თეთრ ფერებში გამოწყობილი "ფერენცვაროშის" მატჩის სანახავად, უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფეხბურთელმა - კარლოს სპადარომ აღნიშნა: "უნგრეთის "ფერენცვაროში" საუკეთესო გუნდია, რომელიც ოდესმე მინახავს. მსაჯის სასტვენისთანავე უმაღლესი კლასის საკმაოდ სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. როდესაც თანაგუნდელი ბურთს მიიღებდა, თითოეულმა მათგანმა იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. "ფერენცვაროშმა" დაუვიწყარი მოგონებები დაგვიტოვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის უნგრელებმა ძალიან დიდი გაკვეთილი ჩაგვიტარეს". უკანასკნელ 10 წუთში გაშვებული ორი გოლის შედეგად, "ფერენცვაროში" არგენტინასთან დამარცხდა, თუმცა უნგრელებმა უმაღლესი კლასის დემონსტრირება შეძლეს. არგენტინის წინააღმდეგ გამართული მატჩი მომდევნო ორ დაპირისპირებასთან შედარებით კონტრასტული აღმოჩნდა. "ფერენცვაროშმა" "ინდეპენდიენტესა" და "ტორინოს" წინააღმდეგ არც ისე სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა - სწორედ ამიტომ, უნგრელების პერფორმანსს "mediocre" (არც ისე სანახაობრივი) უწოდეს. გამარჯვებულის მენტალიტეტი "რასინგის" კიდევ ერთხელ დამარცხების (2:1) შემდეგ დაბრუნდა. La Nacion-მა უნგრელების თამაშის ხარისხი შემდეგნაირად აღწერა: "მობილურობა, რომელსაც მათი ოპონენტები ვერ უმკლავდებიან." სამშობლოში დაბრუნების წინ, "ფერენცვაროში" კვლავ სან პაულოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივმა საუკეთესო თერთმეტეულმა უნგრული კლუბი 2:1 დაამარცხა.

ჟურნალისტი დინტი მური La Nacion-თან საუბარში აღნიშნავდა: "უნგრელები თამაშობენ ისეთივე სტილის ფეხბურთს, როგორ ადგილობრივი რიო დე ლა პლატას ბინადარი კლუბები. "ფერენცვაროში" არ თამაშობს ისე უღიმღამოდ, როგორც ინგლისური კლუბები და "ფერენცვაროში" არ თამაშობს ისე დაუფიქრებლად, როგორც ესპანური კლუბები. საპირისპიროდ - "ფერენცვაროში" თამაშობს ფეხბურთს, რომელიც ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტადაა მისაღები. უნგრელების თამაშის შემხედვარე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ თამაშში რაღაც ჩვენებური იგრძნობა." La Argentina აღნიშნავს: "ბრწყინვალე თამაშისა და უმაღლესი კლასის დემონსტრირების წყალობით, "მწვანე ბალეტმა" ადგილობრივი პუბლიკის გული მოიგო. არგენტინულ მოედნებს მსგავსი რამ მრავალი წლის მანძილზე არ უნახავს." გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ დუნაისპირეთისა და რიოპლატენსეს საფეხბურთო სკოლების პაექრობას მონტევიდეოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იხილავდნენ, სადაც უნგრეთი, ავსტრია და ჩეხოსლოვაკია - არგენტინას, ურუგვაისა და ბრაზილიას უპირისპირდებოდა. გულშემატკივართა აზრის საპირისპიროდ, ცენტრალურმა ევროპელებმა კონცენტრირება და ძალების მობილიზება სრულებით სხვა ტურნირზე (ერთა თასი) მოახდინეს.

სხვა სტატიები