Belive

მცველი, რომელმაც 1 მატჩში 3 გოლი სხვადასხვა მეკარეს გაუტანა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ფეხბურთის ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება მცველი, რომელსაც ერთ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. ალბათ, ასეთ დროს, საჯარიმო დარტყმების ოსტატი, სინიშა მიხაილოვიჩი გვახსენდება, რომელმაც სტანდარტიდან 3 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა ის, რაც 1986 წელს ალვინ მარტინმა გააკეთა, სრულიად უნიკალური მოვლენაა: მან 1 მატჩში, 3 მეკარეს, 3 გოლი გაუტანა. 1986 წლის 21 აპრილს, "ვესტ ჰემმა" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლს" უმასპინძლა. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაში იმყოფებოდა და საჩემპიონო ამბიციებიც კი ჰქონდა. რაც შეეხება "ნიუკასლს" - გუნდს 7 მატჩში 30 გოლი ჰქონდა გაშვებული. ბრიტანული Guardian-ი მატჩი წინ წერდა, რომ გულშემატკივარს "გოლების წვიმა" ელოდება, თუმცა ვერავინ იფიქრებდა იმას, რაც მატჩში მოხდა. "ნიუკასლის" კარს მარტინ თომასი იცავდა - მეკარე, რომელსაც მხრის ტრავმა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და სასტარტო 7 მატჩი გამოტოვებული ჰქონდა. მის შემცვლელს, გარი კელის, მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და შედეგად, თომასი ერთადერთი ალტერნატივა იყო, რადგან ტრავმირებული იყო კელის შემცვლელიც: დევიდ მაკკელარი სათადარიგოთა სკამზეც არ იმყოფებოდა. როგორც Guardian-მა ივარაუდა, მატჩი შედეგიანი გამოდგა: "ვესტ ჰემი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს 8 გოლი გაუტანა.

ალვინ მარტინის ჰეთ-თრიქი

"ვესტ ჰემის" მცველმა, ალვინ მარტინმა, პირველი გოლი მარტინ თომასს გაუტანა - როგორც მოგახსენეთ, თომასს მხრის ტრავმა აწუხებდა, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას გაუმიზეზდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მარტინ თომასი ნახევარმცველმა, კრის ჰედვორთმა ჩაანაცვლა. ალვინ მარტინმა მეორე გოლი სწორედ მას გაუტანა. ყველაფერი კი ამით არ დასრულებულა: ძელთან შეჯახებისას, ტრავმა კრის ჰედვორთმაც მიიღო და კარში ჩადგომა ამჯერად უკვე პიტერ ბერდსლის მოუწია. მატჩის მიწურულს, "ნიუკასლის" კარში პენალტი დაინიშნა. დარტყმის უფლება, ცხადია, ალვინ მარტინმა მიიღო, რომელსაც კარიერაში პირველად, ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი გაუჩნდა, თანაც როგორ - მარტინს გოლი მესამე მეკარისთვის უნდა გაეტანა.
ეს იყო პირველი პენალტი, რომელსაც კარიერაში ვასრულებდი. მარცხენა დაბალ კუთხეს თვალს არ ვაცილებდი, მეკარე ფიქრობდა, რომ ვატყუებდი და სხვა მიმართულებით გადახტა, მე კი ჰეთ-თრიქი შევასრულე, დაუჯერებელი იყო", - იხსენებს მარტინი.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა და ალვინ მარტინის ისტორიული ჰეთ-თრიქი

სხვა სტატიები