Belive

მუნდიალი 2022 | გარეთ საუთგეიტი: "დიდი თამაში მხოლოდ ახლა იწყება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უელსის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (3:0) ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფი 7 ქულით და პირველი სატურნირო პოზიციით დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა ჯგუფური ეტაპი შეაფასა და პლეი-ოფის წინ მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

"კატარის სასტუმროებში ლუდი არ არის, ამიტომ ფეხბურთელებს ვერ მივცემ შესაძლებლობას, რომ დაისვენონ, როგორც ეს ჩვენ 2018 წელს გავაკეთეთ, მაგრამ რძის ბევრნაირი კოქტეილი ნამდვილად მოიპოვება. ამ ქვეყანაში ბევრი განსხვავებაა ჩვენი ცხოვრების წესისგან, რასაც შეჩვეულები არ ვართ, მაგრამ უნდა შევეგუოთ.

კმაყოფილები ვართ ჩვენს საწვრთნელ ბანაკში არსებული ატმოსფეროთი. პერსონალს ვაფასებთ და ორგანიზატორების მიმართ ამ მხრივ პრეტენზიები არ გვაქვს. ფეხბურთელებს ერთმანეთი უყვართ, ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ამის გამო, ბედნიერები ვართ. და რა თქმა უნდა, დიდი თამაში მხოლოდ ახლა იწყება.

ხვალ ბიჭებს პირველი დასვენების დღე ექნებათ, ისეთი, როცა ვარჯიში არ იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ალბათ ფეხბურთელებს უკვე მობეზრდათ ჩვენი სახეები საწვრთნელი პროცესის დროს.

უკვე ვიცით ჩვენი მომავალი მეტოქე - სენეგალი. მწვრთნელის გადმოსახედიდან ძალიან საინტერესო გუნდია. ჩვენ შევისწავლით მათ მიერ ჩატარებულ მატჩებს, რათა მოვემზადოთ სენეგალის ნაკრებთან შეხვედრისთვის. ნათელია, რომ მათი გუნდიდან საკმაოდ ბევრ მოთამაშეს ვიცნობთ. მათ ჰყავთ მართლაც დიდი შემსრულებლები, რომლებიც თამაშობენ ევროპის საუკეთესო ლიგებში. ზოგიერთი მათგანი ინგლისში თამაშობს.

ვიცით, რომ ფავორიტებად ვიქნებით მიჩნეულები, მაგრამ ამ წნეხს უნდა გავუმკლავდეთ, რადგან ძალიან საშიში გუნდის წინააღმდეგ გვიწევს დაპირისპირება", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა.

ინგლისისა და სენეგალის ნაკრებების დაპირისპირება 4 დეკემბერს, ალ ბაიტის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები