Belive

მუნდიალი 2022 | ინდივიდუალური და სანაკრებო რეკორდები!

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
  • 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეო მესიმ შესაძლოა მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდი დაამყაროს
  • ბრაზილია და გერმანია მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რეკორდის დამყარებასთან ახლოს არიან
  • კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც გოლს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი. ყატარში გასამართი მუნდიალი შესაძლოა ისტორიული გამოდგეს - ინდივიდუალურ და სანაკრებო დონეზე შესაძლოა არაერთი რეკორდი ვიხილოთ.

იდეალური დროა იმისათვის, რომ გადავხედოთ რეკორდებს, რომლებიც შესაძლოა ყატარში დამყარდეს.

123

ბარათების სისტემის შემოღების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე არც ერთ ნაკრებს არ აუღია იმდენი ყვითელი ბარათი - რამდენიც არგენტინას (123). წითელი ბარათების ერთპიროვნული ლიდერი ბრაზილიაა - სხვადასხვა დროს, მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით გამართული მატჩიდან 11 ბრაზილიელ ფეხბურთელს უჩვენეს წითელი ბარათი. ურუგვაის 9 წითელი ბარათი აქვს და სამხრეთ ამერიკელთა ტემპერამენტს თუ გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული, რომ ურუგვაელებმა ბრაზილიის რეკორდი გაიმეორონ.

109

ბრაზილიამ და გერმანიამ მუნდიალზე ყველაზე მეტი (109) მატჩი ჩაატარეს - ყატარში, რომელიმე მათგანმა შესაძლოა ერთპიროვნული რეკორდი დაამყაროს. პოლონეთთან გამართული შეხვედრა არგენტინისათვის 84-ე გახდება, რითიც იტალიის შედეგს გააუმჯობესებს და მე-3 პოზიციას დაიკავებს. იმ შემთხვევაში, თუ "ალბისელესტე" ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს მოიგებს - დაგროვებული 46 მოგებით ასევე მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. მეორე ადგილზე მყოფ გერმანიას 67 მოგება აქვს, ხოლო ბრაზილიას 73.

20

მხოლოდ თერთმეტმა ფეხბურთელმა შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე 20 ან მეტ მატჩში მონაწილეობის მიღება. ამ "კლუბში" მოსახვედრად, ლეო მესის 1 მატჩის ჩატარება სჭირდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კრიშტიანუ რონალდუ 3 მატჩში მიიღებს მონაწილეობას - ის ასევე გახდება "კლუბის" წევრი.

19

კიდევ ორი მატჩის ჩატარების შემთხვევაში, ლეო მესი ლეგენდარული დიეგო მარადონას რეკორდს გაიმეორებს და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული 21 მატჩი დაუგროვდება. იმ შემთხვევაში, თუ არგენტინა მუნდიალის ფინალის საგზურს მოიპოვებს და ლეო მესი შვიდივე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, მუნდიალზე ჩატარებული 26 მატჩი დაუგროვდება და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. ამჟამინდელი რეკორდი ლოთარ მათეუსს ეკუთვნის, რომელმაც მუნდიალზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

4

კრიშტიანუ რონალდუმ განვლილ 4 მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა. იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყატარში გოლის გატანას შეძლებს, 5 მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლით, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

3

უკანასკნელი სამი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო. 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე, იტალია ჯგუფში ჩარჩა. 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე, ესპანეთი ჯგუფში ჩარჩა. 2018 წელს, რუსეთში გამართულ მუნდიალზე, გერმანია ჯგუფში ჩარჩა. რეალობისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ ეს სტატისტიკა, რომ გაგრძელდეს მოქმედი ჩემპიონი - საფრანგეთი, შესაძლოა საკმაოდ მარტივი ჯგუფიდან ვერ გავიდეს.

სხვა სტატიები