Belive

მუნდიალი 2022 | რიშარლისონი - ოქროს ბრაზილიის ოქროს ბიჭუნა

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს ნათელი პასუხი გასცა. ვინისიუსის და ნეიმარის უსასრულო ტექნიკური შესაძლებლობების ფონზე, თითქოს ინერტული ჩანდა, მაგრამ "სელესაოს" ზღაპრულად მიმზიდველი და სანახაობრივი ფეხბურთი ტაბლოზეც ასახა. თანაც, რა გოლი გაიტანა, ბავშვს რომ ფეხბურთს შეაყვარებს, ისეთი.

გულახდილად ვთქვათ, რომ ასეთი ფეერიული ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატზე წელს ჯერ არავის უთამაშია. ბრაზილიის ნაკრებში, მეკარიდან დაწყებული, თავდასხმით დამთავრებული - ყველა შემტევია. იციან პასი, ტექნიკური მოქმედება, ბურთთან შეხება, ირმებივით დარბიან და ყველაფერი ორგანულად გამოსდით. შედეგი ისაა, რომ ტიტეს საოცარ გუნდში, რიშარლისონს უძლიერეს კონკურენციაში უწევს ძირითადში ადგილის დაკავება.

სკამზე ზის "არსენალში" გალიდერებული გაბრიელ ჟეზუსი, შანსის მოლოდინში არიან "რეალის" ჯოკერი როდრიგო, კიდევ ერთი "მეთოფე" მარტინელი და რაფინიას მსგავსი ანტონი, ბობი ფირმინო ხომ საერთოდ ტელევიზორის საყურებლად დატოვეს და ძირითად შემადგენლობაში ადგილი "ტოტენჰემის" ფორვარდს ანდეს, რომელსაც მიმდინარე სეზონში სულ 2 გოლი ჰქონდა გატანილი. რა გასაკვირია, რომ ტიტეს გადაწყვეტილებას ბევრი სკეპტიკოსიც გამოუჩნდა.

მოვლენები მოულოდნელად განვითარდა: სერბეთთან თამაშში რიშარლისონმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. პირველ შემთხვევაში, რიშარლისონი სწორ დროს, სწორ ადგილას ფილიპო ინძაგივით აღმოჩნდა, აი მეორე გოლზე რა უნდა ითქვას... ჯერ ვინისიუსის ტერფის გარეთა მხრიდან გაკეთებული, უვიწროეს ნაპრალში გამძვრალი პასი რად ღირს, რომელიც რიშარლისონმა ოსტატურად დაამუშავა, აიგდო და ისე, რომ ბურთზე თვალიც არ მოუცილებია, ცალი ფეხით სრული ბრუნი შეასრულა და დარტყმისას, მთელი ძალა მარჯვენა ფეხზე გადაიტანა. BAAAAAAANG.

ricaha

აი სწორად იმ მომენტში, სული შემეკრა და ხმა გავიგე: "ახლა ეს რომ გაიტანოსო". ერთ წამში, ყველა აღტაცებული გაჰყვიროდა, ეს რა გააკეთაო. რიშარლისონის უყვარს ნაკრებში გოლის გატანა (ბოლო 7 მატჩში 9 გოლი), მაგრამ ის, რაც სერბეთთან გააკეთა, დაუვიწყარი რამაა - "მაკრატელა" (რომელიც, როგორც ამბობენ, მისი თანამემამულის, ლეონიდასის მოგონილია) ხომ ყველას უყვარს და ისედაც, ამ ერთფეროვანი თამაშებისა და ადამიანის უფლებების ფეხით მთელავ ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე, რიშარლისონის პერფორმანსი ერთგვარი გამოღვიძება იყო.

ბრაზილიელის თამაში მოიწონა ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ალან შირერმა: თქვა, ნაკრებში სულ სხვა ფეხბურთს თამაშობსო და ისიც დაამატა, რომ პირველი გოლი მეორეს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

"თითქოს მარტივი გასატანი იყო, მაგრამ ასე არაა. ჯერ იქ უნდა მოხვდე და შემდეგ გაიტანო კიდეც. რიშარლისონმა ცენტრფორვარდის ყველა თვისება გამოავლინა", - თქვა შირერმა.

ისიც უნდა ითქვას, რომ დამარცხებული სერბეთის ნაკრები მწყობრი, ორგანიზებული და მებრძოლი გუნდია, მაგრამ გუშინდელ მატჩში ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა: ფეხბურთელებს ულევი ენერგია რომ მისცემოდათ და კიდევ 10 საათი ეთამაშათ, გოლს მხოლოდ ყვითელ მაისურში მოთამაშე ფეხბურთელები გაიტანდნენ.

ერთი სიტყვით, "სელესაო" საოცარი გუნდია და რთულია იმისი პროგნოზირება, თუ ვის შეუძლია ამ ამ სტილში მოთამაშე გუნდის დამარცხება.

Joga Bonito!

სხვა სტატიები