Belive

მუნდიალის ქრონიკები | როცა აშშ-ს სამოყვარულო გუნდმა ინგლისი დაამარცხა

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

მოედანზე ორი გუნდი იყო გასული: ერთის შემადგენლობაში იმ პერიოდის ვარსკვლავები კაშკავებდნენ, მეორე მხარეს კი ფოსტალიონი, ჭურჭლის მრეცხავი და მესაფლავე იდგნენ და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებოდნენ. მატჩი ფორმალობას წააგავდა და მისი შედეგი თითქოს ყველამ წინასწარ იცოდა. ყველა მათგანი შეცდა.

ბრაზილიაში 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო გახურებული. ქალაქ ბელუ ორიზონტში აშშ ინგლისს დაუპირისპირდა. მოედანზე შეკრებული 10,000 გულშემატკივარი სეირის საყურებლად იყო მისული და ვერასოდეს დაუშვებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სენსაციას მიადევნებდა თვალს. ეს ამბავი უნიკალური იყო იმითაც, რომ აშშ-ში ფეხბურთი არაპოპულარობის გათვალისწინებით, შეხვედრას მხოლოდ 1 ამერიკელი ჟურნალისტი ესწრებოდა.

უფრო უკან, ისტორიაში

აშშ-ში ფეხბურთი მასობრივ სპორტად არასოდეს ქცეულა, თუმცა სოკერმა, როგორც მას უწოდებენ, ბეისბოლის ქვეყანაში ფეხი 20-იან წლებში მოიკიდა - სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა აშშ-ში პირველი საფეხბურთო ლიგა.

მის განვითარებას ხელი "დიდმა დეპრესიამ" შეუშალა - მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელიც აშშ-ში დაიწყო და უამრავი ბანკის გაკოტრება გამოიწვია. 1933 წელს, "ამერიკული სოკერის ლიგა" ხელახლა დაარსდა, რომელიც, ძირითადად, იმიგრანტების გაერთიანებას წარმოადგენდა. მაგალითად: "კირნი სქოთსი" (შოტლანდიელები), "კირნი აირიში" (ირლანდიელები), "ფილადელფია ჯერმანსი" (გერმანელები) და სხვ.

მეორე მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ, აშშ-ში ფეხბურთის პოპულარობა მცირედით პროგრესირებდა, თუმცა მცირე მასშტაბს არ გასცდენია.

221019022330-02-us-england-1950-world-cup

1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ს ერთობ უცნაური ნაკრები ჰყავდა: მისი წევრები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეკრიბეს და ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთს თითქმის არ იცნობდნენ. გამონაკლისი მხოლოდ ოთხი მათგანი, სენტ-ლუისში მოთამაშე ფეხბურთელი გახლდათ. გასათვალისწინებელია ის, რომ პროფესიით, გუნდში ფეხბურთელი არ მოიძებნებოდა. მეორე მხარეს კი, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, იმ დროის ვარსკვლავები ბრწყინავდნენ: სტენლი მეთიუზი, ტომ ფინი და სტენ მორტენსენი.

ფეხბურთის გამომგონებლად მიჩნეულ ინგლისის ნაკრებს, ზედიზედ 3 მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა გამოტოვებული. შესაბამისად, თავდაჯერებულობასთან ერთად, მათ დიდი მიზანიც ამოძრავებდა. თუმცა ჯგუფში ესპანეთთან, აშშ-სთან და ჩილესთან მოხვედრილმა ბრიტანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და იმდროინდელი წესებიდან გამომდინარე, ტურნირს ნაადრევად გამოემშვიდობნენ.

ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-სთან სტენლი მეთიუზი არც ათამაშეს - მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა და იქედან გამომდინარე, რომ 1950 წელს ფეხბურთში შეცვლები ჯერ კიდევ არ არსებობდა, გუნდმა ლიდერის გარეშე ითამაშა. ტურნირიდან გავარდნილ ინგლისის ნაკრებს გაბრაზებული მეთიუზი გამოეყო, თანაგუნდელებთან ერთად შინ არ გაემგზავრა და თამაშების საყურებლად ბრაზილიაში დარჩა.


მატჩის დღე: აშშ Vs. ინგლისი

მოულოდნელი არც ყოფილა, რომ შეხვედრა ინგლისის დომინაციით დაიწყო (6 კარში დარტყმა საწყის 12 წუთში) და ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ პირველ ბურთს ბრიტანელები შეაგდებდნენ, თუმცა 37-ე წუთზე მოულოდნელი რამ მოხდა: ჭურჭლის მრეცხავმა ნიუ-იორკიდან, ჯო გატიენმა, ბურთით კარის ბადე შეარხია, რამაც, თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, "ქაოსი გამოიწვია."

"მეორე ტაიმში, ინგლისის შეტევებს ორგანიზებულობა აკლდა. თითქოს ბიჭები ვერც კი იჯერებდნენ, რომ ეს ხდებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ აშშ-ის მეკარემ, ფრენკ ბორგიმ, კარიერის მატჩი ჩაატარა და გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა".

221102010637-06-us-england-1950-world-cup

ლეგენდარული გამარჯვების მიუხედავად, აშშ-ში ფეხბურთელებს დიდი პატივით არავინ დახვედრია. თითქოსდა, ეს არა ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საფეხბურთო კლუბის წარმატება იყო. იმიგრანტთა ჯგუფებისთვის, ეს მათი შორეული სამშობლოს მცირე წარმატება გახლდათ, რომელსაც აშშ-სთან ნაკლები კავშირი ჰქონდა.

ამ ამბავმა პოპულარობა დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოიპოვა, როდესაც სპორტულმა ჟურნალისტებმა, მორიგი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მოთამაშეების მოძიება დაიწყეს - იმ არაპროფესიონალი ფეხბურთლებისა, რომლებისთვისაც ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების სიხარული კონკიას ზღაპარივით უცებ დასრულდა. ეტლი გოგრად გადაიქცა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი მატჩის მონაწილე ბიჭების უმრავლესობა კვლავ ძველ საქმიანობას - ჭურჭლის რეცხვას, საფლავის გათხრასა და წერილების დარიგებას დაუბრუნდა.

სხვა სტატიები