Belive

ნანტის მოთამაშემ სალასთან განშორების მომენტი გაიხსენა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ემილიანო სალას გარდაცვალებიდან 2 თვე გავიდა. არგენტინელი ფეხბურთელი "ნანტისა" და მთელი საფეხბურთო სამყაროს მოუშუშებელ ტკივილად დარჩება. ემილიანოს თანაგუნდელმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიომ სალას შესახებ ისაუბრა. "საუბარი ძალიან მიჭირს. სალამ გადასვლამდე მკითხა, თუ როგორი გუნდი იყო "კარდიფი". 2013-2016 წლებში სწორედ უელსურ გუნდში ვთამაშობდი. ემილიანოს ვუთხარი, რომ "კარდიფი" დიდი გუნდი იყო და ფანებიც ძალიან მაგარი ჰყავდა. ამის შემდეგ, პრემიერლიგის გუნდის წარმომადგენელი საფრანგეთში ჩამოვიდა და მარსელის "ოლიმპიკთან" მოგებულ (3:2) თამაშს დაესწრო. მაშინ სალამ გოლის გატანა მოახერხა. ის ფანტასტიური და პროფესიონალი ადამიანი იყო, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ინგლისის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ, ემილიანოს 2-დღიანი დასვენება ჰქონდა და ნანტში დასამშვიდობებლად სწორედ ამიტომ დაბრუნდა.  ორშაბათს მასთან ერთად ვისადილეთ და ვუთხარი, რომ თუ რამეთი დახმარება შემეძლებოდა, აუცილებლად დაერეკა. სამშაბათს "ნანტი" ვარჯიშს დაუბრუნდა. გუნდის ცენტრალურმა მცველმა, ნიკო პალოისმა იკითხა: "შეგიძლიათ ნახოთ როდის ჩაფრინდა სალა უელსში? მან მითხრა, რომ ჩასვლისთანავე მომწერდა."  როდესაც საჭმელად დავსხედით, ერთ-ერთი თანაგუნდელი შემოვარდა და თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ შეგვატყობინა. მთავარი მწვრთნელი ამ ინფორმაციამ შეძრა და სათასო მატჩისთვის მზადება შევწყვიტეთ. დაკარგულ ქულებზე და წაგებებზე ცხადია, აღარ ვდარდობდით. სალას გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული პირველი მატჩი ემოციურად უმძიმესი იყო. თამაშამდე მთელი გუნდი ტიროდა, მათ შორის, მეც," - გაიხსენა ფაბიომ.

სხვა სტატიები