Belive

"ნაპოლიმ ტალანტი იუვეს, მილანს და სხვა გრანდებს წაართვა" - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას ტრანსფერზე?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 1 ივლისს 21 წლის ქართველი ნეაპოლში უნდა ჩავიდეს და გუნდს შეუერთდეს, უახლოეს პერიოდში კი მისი წარდგენის ოფიციალური ნაწილიც უნდა შესრულდეს. კვარაცხელიას ტრანსფერს იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება და რამდენიმე საინტერესო სტატიასაც აქვეყნებს.
"ნაპოლიმ" იყიდა ფეხბურთელი, რომელიც წარსულში ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული "იუვენტუსისგან" და მასთან კონტრაქტის გაფორმება "მილანსაც" სურდა. შემდეგ ნეაპოლიტანურმა კლუბმა მოლაპარაკებების პროცესში შექმნილი პრობლემებით ისარგებლა და ეჭვები დროულად გააქარწყლა. "ლურჯმა" კლუბმა ამ ბრძოლაში რამდენიმე ევროპული გრანდი დაამარცხა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტის ჩამოყვანას, თუმცა ამ ბრძოლაში კრისტიანო ჯიუნტოლიმ ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) გაიმარჯვა. "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა არ გაუშვა ხელიდან შანსი  და"იუვენტუსსა" და "მილანს" სატრანსფერო ბრძოლა მოუგო. ყველა ბევრ დადებითს ამბობს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, რომელსაც თითქმის გამოუთქმელი გვარი აქვს. თუმცა დე ლაურენტისმა მას უფრო მარტივად დაარქვა სახელი - ზიზი. ამასობაში კვარაცხელია ქალაქში ჩასასვლელად ემზადება და გუშინ გაამხილა, რომ მოუთმენლად ელის კულიბალისთან თამაშს, რომელიც დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან ნეაპოლიტანური გუნდის ახალი კაპიტანი იქნება", - წერს ნეაპოლური გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონი ევროა. რუსეთის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ხვიჩამ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისური მოირგო და აჭარულ კლუბს ეროვნული ლიგის 11 შეხვედრაში დაეხმარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები