Belive

ნასერ ალ-ხელაიფი ლა ლიგის პრეზიდენტზე: ,,ვინ არის ხავიერ ტებასი? მას არ ვიცნობ''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, უპასუხა შეკითხვას თუ რა მდგომარეობაა მის გუნდში ლა ლიგის მიერ უეფაში გაგზავნილი საჩივრის შემდეგ, რომელსაც ხელს ხავიერ ტებასი აწერდა:
,,ვინ არის ხავიერ ტებასი? მას არ ვიცნობ. ჩვენ არ ვერევით სხვა კლუბების, ჩემპიონატებისა და ფედერაციების საქმეში, ეს ჩვენი სტილი არ არის. მაგრამ, არ ვაპირებ დავთანხმდე იმას, რომ ვინმემ გაკვეთილები გვიტაროს. არ მაინტერესებს, რას ამბობს ის. ჩვენ საფეხბურთო პროექტს მივყვებით და ასე გავაგრძელებთ. ის, რაც მედიაში ჩნდება, არ გვაწუხებს, ამაზე დროს არ ვკარგავთ,'' - განაცხადა ალ-ხელაიფი.
ერთი თვის წინ, კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, ლა ლიგამ ,,პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ უეფაში საჩივარი შეიტანა:
,,ლა ლიგას სურს განაცხადოს, რომ ამ ტიპის შეთანხმება ევროპული ფეხბურთის ეკონომიკურ სტაბილურობას უტევს, საფრთხეს უქმნის ასობით ათას სამუშაო ადგილს და სპორტის ღირებულებას არამხოლოდ ევროთასებზე, არამედ ეროვნულ ჩემპიონატებშიც. სკანდალურია, რომ პსჟ-ს მსგავსი კლუბი, რომელმაც გასულ სეზონში 220 მილიონი იზარალა, ბოლო წლებში კი 700 მილიონზე მეტი, ასეთ ხელშეკრულებას აფორმებს. ლა ლიგა უეფაში შეიტანს საჩივარს პსჟ-ს, საფრანგეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, რათა გააგრძელოს ევროპული ფეხბურთის ეკონომიკური ეკოსისტემის დაცვა. წარსულში პარიზულ გუნდს ფინანსური ფეარპლეის დარღვევის გამო ვუჩივლეთ, ეს საჩივრები წარმატებული იყო და უეფამ კლუბს სანქციები დაუწესა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ კი უცნაური მიზეზით გააუქმა. პსჟ წარმოუდგენელ ინვესტიციებს ახორციელებს და უეფას წესებს არღვევს. გუნდის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის ასეთი საქციელი ევროპულ ფეხბურთს ისეთივე საფრთხეს უქმნის, როგორსაც ევროპის სუპერლიგა,” – წერია ლა ლიგის განცხადებაში.
კილიან მბაპემ პსჟ-სთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. მანამდე ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის ,,რეალთან” ჰქონდა შეთანხმებული.

სხვა სტატიები