Belive

ნავასის შესანიშნავი თამაში ცხადყოფს, თუ ვინ არის მადრიდში პირველი მეკარე

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ტიბო კურტუას მადრიდის „რეალში“ მოსვლის შემდეგ ისეთი მოლოდინი გაჩნდა, რომ ბელგიელი კიპერი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ავტომატურად მოხვდებოდა. ამისი მიზეზი მარტივია - კურტუას სანაცვლოდ, მადრიდელებმა „ჩელსის“ 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. ამის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა “ჟირონასთან“ მოგებულ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. 2015 წლის ზაფხულის შემდეგ, მადრიდელები ყოველწლიურად ცდილობდნენ ახალი მეკარის დამატებას, თუმცა მეგატრანსფერის განხორციელება ვერ ხერხდებოდა, ხოლო ნავასი კი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3-ჯერ მოგებაში დაეხმარა. ნავასი „ატლეტიკოსთან“ ფინალშიც ძირითადში თამაშობდა და 4 გოლის გაშვების მიუხედავად, ლოპეტეგმა მას ძირითადში ადგილი ზედიზედ 2-ჯერ ანდო (იგულისხმება „ხეტაფესთან“ და „ჟირონასთან“ გამართული მატჩები). „ხეტაფესთან“ ნავასმა კარის ბადის მშრალად შენახვა შეძლო, ხოლო „ჟირონასთან“ კი რამდენჯერმე შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა, რის შედეგადაც გუნდმა მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა - დროულად ითამაშა გამოსვლაზე და ასევე, რთული ბურთი აუღო ბორხა გარსიას. საინტერესოა, რომ მატჩის დაწყებამდე საკუთარ ოფიციალურ Instagram-ზე კურტუამ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ „მატჩისთვის მზად იყო.“

Seguimos preparando el partido del domingo! #HalaMadrid

A post shared by Thibaut Courtois (@thibautcourtois) on

  ნავასის დამაჯერებელი თამაშის შედეგად ისმის კითხვა - ვინ დაიცავს მადრიდის „რეალის“ კარს რეგულარულად? გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხულენ ლოპეტეგის განმარტებით, მას კარგი შესაძლებლობა აქვს, არჩევანი იმ მოთამაშეზე შეარჩიოს, რომელიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში იმყოფება: „დღევანდელ მატჩში კეილორს მივეცი თამაშის შესაძლებლობა და მან კარგად ითამაშა. მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და სწორედ ეს გვაძლიერებს. დიახ, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვაპირებ რომ გაგიზიაროთ,“ აღნიშნა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „ჟირონასთან“ მოგებული თამაშის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის შემდეგ ზედიზედ ორჯერ სკამზე დაჯდომა ტიბო კურტუას პირველად მოუწია - მაშინ კურტუა 17 წლის იყო.

სხვა სტატიები